დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში ახალი ინტერნეტპორტალის პრეზენტაცია გაიმართა.
ქონების ვირტუალური ბირჟა" - ეს არის ახალი ინტერნეტპორტალი, რომელიც უძრავი ქონების უსაფრთხოდ ყიდვა-გაყიდვას ემსახურება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, პორტალის საშუალებითაც მოქალაქეს, რომელსაც სურს გაყიდოს, გააქირავოს ან დააგირავოს ქონება, შეუძლია სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად გამოაქვეყნოს განცხადება სრულიად უფასოდ, ვებ-გვერდზე www. reestri.gov.ge ან www.eproperty.ge.
პორტალი "ქონების ვირტუალური ბირჟა" მოსახერხებელია როგორც ქონების გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის.
მოქალაქემ, ბროკერმა ან ორგანიზაციამ, რომელსაც სურს განათავსოს განცხადება ვებ-გვერდზე www. reestri.gov.ge ან www.eproperty.ge, უნდა გაიაროს რეგისტრაცია პორტალის მომხმარებლად; შეავსოს განაცხადი, სადაც მიუთითებს ფართის თუ ოთახების რაოდენობას, დეტალურად აღწერს ქონებას სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით; იმისათვის, რომ მყიდველს უფრო მეტი წარმოდგენა შეექმნას გასაყიდ ქონებაზე, განაცხადს თან დაურთოს გასაყიდი ქონების ფოტოები.
გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი ქონება პორტალზე სხვადასხვა ფერით არის გამოყოფილი, რაც საიტის ვიზიტორს სასურველი ობიექტის მოძებნას გაუადვილებს. ყველა პროდუქტს თან ახლავს ფოტოსურათები, კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი, ზუსტი მახასიათებლები და უახლესი ინფორმაცია ქონებრივი ვალდებულებების შესახებ.
უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს პორტალი შესაძლებლობას აძლევს თითოეულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე: ზუსტად შეიტყოს უძრავი ქონების მდებარეობა რუკაზე; საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაადგინოს ქონების მესაკუთრის ვინაობა; შეამოწმოს ადევს თუ არა ყადაღა, ან აკრძალვა ქონებას; დატვირთულია თუ არა ქონება საბანკო თუ არასაბანკო იპოთეკით ან საგადასახადო გირავნობით; და კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.
სულ მალე მომხმარებელს საშუალება ექნება გაიგოს: ინფორმაცია ამ ქონებაზე რეგისტრირებული ყველა პირის შესახებ; ირიცხება თუ არა რაიმე კომუნალური დავალიანება (წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ.) ამ მისამართზე რეგისტრირებულ პირ(ებ)ზე.
გარდა ვებგვერდისა, ინფორმაციის განთავსება მოქალაქეს გაზეთ "საჯარო რეესტრი - 24 საათშიც" შეუძლიათ. ამისათვის უნდა აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი მომსახურების სხვადასხვა ვარიანტი: დარეკოს ნომერზე 2911129 ან საინფორმაციო ცენტრ 09- ში და ოპერატორს უკარნახოს განცხადების შინაარსი; შეავსოს განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში ან ლატარიის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსოს ნარინჯისფერ ყუთში; გააგზავნონ ელექტრონული ფოსტით, სმს-ით ან პირადად ატვირთონ განცხადება ვებგვერდზე.