იუსტიციის სამინისტროში დღეს საქართველოს "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ნორმატიული აქტის მიმღები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები - მიწვეული სტუმრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, სასამართლოებიდან, ეროვნული ბანკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ახალი საძიებო სისტემა სტუმრებს "საკანონმდებლო მაცნეს" თავმჯდომარე გიორგი წიკლაურმა წარუდგინა. "ახალი ვებგვერდი www. matsne.gov.ge ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს. მიმდინარე წლის მაისში ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მომხმარებლის გამოკითხვა, რა შენიშვნები ჰქონდათ საიტთან დაკავშირებით, როგორ შეიძლებოდა გაგვემარტივებინა მათთვის ჩვენთან თანამშრომლობა. გამოკითხვაში სპეციფიკური ჯგუფების - იურისტებისა და აუდიტების გარდა, მონაწილეობდა შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 400 მოქალაქე. ,,მათი შენიშვნების გათვალისწინებით, დღეს საკანონმდებლო მაცნეს უფრო მოქნილი ვებ-გვერდი აქვს", - განაცხადა გიორგი წიკლაურმა..
"საკანონმდებლო მაცნეს" წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს დეტალურად განუმარტეს ის სიახლეები, რასაც საიტი მომხმარებელს სთავაზობს. კერძოდ, ვიზიტორს აღარ სჭირდება საძიებო სისტემის ძებნა საიტზე, ის პირველსავე გვერდზეა მოთავსებული. კანონის ელექტრონული ვერსია იხსნება შიდა ძებნისათვის მოსახერხებელ სისტემაში, მომხმარებელი კი მონიშნულ საკანონმდებლო აქტთან ერთად ხედავს მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დოკუმენტს, რომელზე გადასვლაც დამატებითი ძიების გარეშე შეუძლია. გამარტივდა აგრეთვე კონკრეტული დოკუმენტის ძებნის პარამეტრებიც.
"საკანონმდებლო მაცნეს" საიტი 2011 წლიდან ფუნქციონირებს. მის ბაზაში დაცულია საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების პირველადი ვერსიები, მათში შესული ცვლილებები და ნორმატიული აქტების სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ვერსიები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები.
2011 წლამდე მსგავსი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ბეჭდური ფორმით, რაც ყოველთვის ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ვებ-გვერდზე კანონებისა და ნორმატიული აქტების გამოქვეყნებით კი ყველას თანაბრად მიეცა საშუალება უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით.