მომავალ პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა ოკუპირებული ლიახვის ხეობისა და ახალგორის მაჟორიტარული მანდატების ხარჯზე გაიზრდება.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პალე კუბლაშვილმა განუცხადა.
დღევანდელი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მომავალ პარლამენტში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 73-ით, პროპორციული წესით არჩეულთა კი 77-ით განისაზღვრება. დღეს მოქმედ პარლამენტში მაჟორიტარები და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები თანაბრად – 75-75-ზე არიან წარმოდგენილნი.
პავლე კუბლაშვილის თქმით, მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრთა 150-ით განსაზღვრის შემთხვევაში, მანდატების გადანაწილება ამ პრინციპით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.
მანდატების ასე გადანაწილება სურდათ "თავისუფალ-დემოკრატებს", რომელთაც კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი ესწრებოდნენ; ოპოზიციიდან კი - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, "მემარჯვენეები" მამუკა კაციტაძე და დავით გამყრელიძე, "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე, "დემოკრატიული პარტიის" ლიდერი გია თორთლაძე.
დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში ერთი თვის წინ იყო ინიცირებული. უახლოეს დღეებში იწურება ერთთვიანი ვადა, რაც ამ ცვლილების საყოველთაო განხილვას უნდა დათმობოდა. შესაბამისად, პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურა უკვე უნდა დაეწყო, თუმცა ხელისუფლება და ამ შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების ნაწილი აღარ იზიარებენ მოსაზრებას დეპუტატების რაოდენობის გაზრდის შესახებ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ გაიზრდება, მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების გადანაწილება კი, შესაბამისად, 73-77-ზე მოხდება.