საინფუზიო ხსნარი რინგერი 1032905B სამედიცინო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის სამართველოს უფროსმა დავით მაჭარაშვილმა განუცხადა.
ინსპექციის გადაწყვეტილებით, ლაბორატორიულ შემოწმებაზე გაიგზავნა საინფუზიო ხსნარი რინგერი 1032905B. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ პრეპარატი დაბინძურებული და არასტერილურია. არ შეესაბამება სამედიცინო სტანდარტებს.
დავით მაჭარაშვილის თქმით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი და ინსპექციამ პრეპარატის სარეალიზაციო ბაზრიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი განცხადებით, პრეპარატის იმპორტიორია შპს ”ტონუსი”, მწარმოებელი კომპანია კი ”ფარმატეკი”.
მაჭარაშვილმა საუბრისას არ დააკონკრეტა, თუ რა დროიდან არის აღნიშნული პრეპარატი გაყიდვაში. მისი თქმით, საინფუზიო ხსნარის შედეგად გამოწვეულ უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევებზე პაციენტებს მათთვის არ მიუმართავს.
საინფუზიო ხსნარი რინგერი 1032905B შოკის მდგომარეობისა და ძლიერი ინტოქსიკაციის დროს გამოიყენება.