თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელის დაკმაყოფილებაზეოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"2012 წლის 8 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ,,კვირის პალიტრა"-ს სარჩელი მოპასუხე შალვა ნათელაშვილის მიმართ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე შალვა ნათელაშვილს დაევალა ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, იმავე მედიასაშუალებებით, რა საშუალებებითაც მოხდა მისი გავრცელება, კერძოდ: ტელეკომპანია ,,მაესტრო"-ს გადაცემა ,,პირდაპირი საუბარი"-ს ეთერით, გაზეთ ,,კვირის ქრონიკასა" და ,,ალია"-ში ზემოაღნიშნული ცნობების უარყოფის თაობაზე განცხადების საჯაროდ გაკეთება.
დღევანდელ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე, არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე შალვა ნათელაშვილი და ამავდროულად მას სასამართლოსთვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზი. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლოს მომართა შუამდგომლობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
სასამართლომ განიხილა მოსარჩელე შპს ,,კვირის პალიტრა"-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა და შპს ,,კვირის პალიტრა"-ს სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით დააკმაყოფილა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მხარეთათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება",-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ინფორმაციაში.