"თუ იერუსალიმი დაგეკარგვნიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ"

. . . იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე გაშლილი სამონასტრო კომპლექსი გარეგნულად ციხე-სიმაგრეს უფრო ჰგავს, ვიდრე - ეკლესიას, გნებავთ, საგანმანათლებლო კერას. ეს ბუნებრივიცაა - ის ხომ ქართულია, ქართველების აშენებული, იმ ხალხისა, რომელსაც ქრისტიანობის მიღებიდან, დღემდე, დამშვიდებულად ცხოვრებასა და ლოცვას არავინ აცლის.

მატიანე ასე მოგვითხრობს: ბერძენთა იმპერატორმა კონსტანტინემ ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს გამოუგზავნა ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს, ასევე დაუმტკიცა გამორჩეული ადგილი იერუსალიმში, სადაც მირიანმა ჯვრის მონასტერი ააგო. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულს, ლოთს სამი ხე დაურგავს - სარო, ფიჭვი და ნაძვი. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთ დიდ ხედ ქცეულან. ეს ხე იერუსალიმის მეფეს სოლომონს ტაძრის მშენებლობისთვის მოუჭრევინებია, მაგრამ არ გამოუყენებია და იქვე პატარა ღელეზე გაუდიათ ხიდად. შემდეგ სწორედ ამ ხისგან გაუკეთებიათ ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ("მაღალ საკურთხეველს ქვემოთ არის წმინდა ხის გადანაჭერი, რომლის ხილვა შეიძლება თეთრი ქვის ფილებით დაფარულ იატაკში ამოჭრილი ხვრელიდან" - ვკითხულობთ ბერის, დანიელის ჩანაწერებში, რომელსაც 1107 წელს იერუსალიმი მოულოცია). InterPressNews.Ge

მირიანის შემდეგ ამ ადგილას ვახტანგ გორგასალს აუშენებია ახალი ეკლესია. დღევანდელი სავანის აგების თარიღად მე-11 საუკუნის 30-50-იან წლებს მიიჩნევენ. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მაღალი გალავნით გარშემორტყმული მთავარი ტაძრისა და მრავალი დამხმარე ნაგებობებისგან შედგება, ქართველ ბერს გიორგი-პროხორე შავთელს დაუარსებია და აუგია საქართველოს მეფის, ბაგრატ კურაპალატის სამეფო კარის შეწევნით. გიორგი შავთელი მონასტრის დაარსებიდანვე ზრუნავდა არ მხოლოდ ცალკეულ საეკლესიო თხზულებათა გადაწერაზე, არამედ - ახალი ხელნაწერების დამზადებაზეც. მრავალმა მათგანმა დღემდე მოაღწია, უამრავი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გაფანტული. ლავრის ახლად მაშენებლის სახელს კი, იქ შემონახული ერთ-ერთი ხელნაწერის არშიაზე წაწერილ ტექსტში წააწყდნენ მეცნიერები: "ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღვდელი, ხოლო საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა ემითა აღშენებად წმიდისა ამას ცხოველმყოფელისა ჯუარისა ადგილისა".

. . . შავთელი 1066 წელს მიიცვალა. მალე იერუსალიმი თურქ-სელჩუკებმა აიღეს და მონასტერიც დაარბიეს. მისი საფუძვლიანი განახლება, ისევე როგორც მთელი საქართველოსი, დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში ხდება. ნახევრად დანგრეული ტაძარი აშენდა და მთლიანად მოიხატა. ჯვრის მონასტრის მნიშვნელობაზე და მის სისხლხორცეულ კავშირზე საქართველოსთან მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დავით აღმაშენებლის მოძღვარი არსენ იყალთოელი ხშირად ჩადიოდა იერუსალიმში განსაკუთრებული მისიით: "დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასითა, იერუსალიმად შესაწირავად წმიდათა მათ ადგილთა. მიიწია ესე და განამშვენიერა ჯვრისა მონასტერი და ჟამად იყოფოდეს წინაშე დავით მეფისა და ჟამად იერუსალიმსა ჯვრის მონასტერსა შინა".

InterPressNews.Ge1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულთანმა სალადინმა აიღო. მაჰმადიანებმა სავანეს დიდი ბეგარის გადახდა დააკისრეს, ჩამოართვეს ზვრებიც, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ქართული მონასტრისთვის. აღსანიშნავია, რომ სულ მალე მოხერხდა ვენახის გამოსყიდვა. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ნიკოლოზ გულაბერიძე 1150-1178 წლებში ქართლის კათოლიკოსი იყო, "სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოსობისაგან და წავიდა იერუსალიმს" და, როგორც მემატიანე გადმოგვცემს, "უკუმოისყიდა" წართმეული ვენახი, შემდეგ კი კვლავ ქართლს დაუბრუნდა, ვინაიდან "აღმოუწოდა წმიდით ქალაქით თამარმა". მართლაც საოცარია. შედარებით მშვიდმა მონასტრულმა ცხოვრებამ ჯვრის მონასტერში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, თამარის ხანაში დაისადგურა, თუმცა ეს აღარ იყო დავითის ეპოქა, ქართული მონასტრების სიმშვიდისა და მლოცველთა უსაფრთხოების სანაცვლოდ თამარს საზღაურის გაღებაც უწევდა - 1192-1193 წლებში სალადინს 200 ათასი დინარი გადაუხადა ქართულ სავანეთა დასაბრუნებლად. შემდეგ იყო შამქორი, ბასიანი და ის, რამაც ჩვენამდე ზღაპრულ ოცნებად მოაღწია: "ყველა იმ ხალხთა შორის, რომელთაც უპირატესობა და გავლენა ჰქონდათ წმინდა ქალაქში, ქართველებს უდავოდ ერთი უპირველესი ადგილი ეჭირათ. მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება იერუსალიმში ცხენზე ამხედრებულებს გაშლილი დროშები შეეტანათ", _ ამას ევროპელი ისტორიკოსების ეპისტოლეებში ვკითხულობთ.

შემდეგ. . . შემდეგ ჯვრის მონასტერიც ცხოვრობდა ისე, როგორც მთელი დანარჩენი საქართველო - ურჯულოებით გარემოცული იბრძოდა, გაჰქონდა თავი, როგორც შეეძლო და, თანდათან ილეოდა. მონღოლთა საომარი დროშის ქვეშ ჩამდგარი ქართველები საარაკო ვაჟკაცობას ავლენდნენ, სანაცვლოდ კი ქვეყნის ახალ მპყრობელებს, არა მხოლოდ საქართველოში არსებული, არამედ "ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს" შეწევნას თხოვდნენ. ასე სწირავს საქართველოს მეფე ვახტანგ მე-3 აღაპს ჯვრის მონასტერს 1299 წელს, როდესაც ჩინგის ყაენის არმიასთან ერთად იერუსალიმში შევიდა, ხოლო InterPressNews.Ge1305 წელს მონასტრის სააღაპე წიგნში დავით მეფე იხსენიება, როგორც "მეორედ აღმაშენებელი წმიდისა მონასტრისაი, რომელმან სარკინოზთაგან მიზგითად შეცვლილი, ეკლესიადვე შეცვალა და კუალად აგო ნათესავთა ქართველთასა". ეს ყოველივე დავითმა ბიზანტიის შუამდგომლობით ეგვიპტელთა კეთილგანწყობის მოპოვებით შეძლო, ანუ ჯვრის მონასტერსაც ისევე შველოდნენ ჩვენი წინაპრები, როგორც - ორ ზღვას შუა მოქცეულ საქართველოს.

თანდათან ძალა დაიშრიტა, ალბათ რწმენაც შეირყა. მე-18 საუკუნეში წმინდა მიწაზე არსებული ქართული მონასტრები თანდათან ბერძენთა ხელში გადავიდა. 1855 წელს ჯვრის მონასტერში უკვე ბერძნული სასულიერო სემინარია მოქმედებს, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბერძნული წირვა-ლოცვა აღევლინება.

"ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დავკარგეთ. ამათ აღარა უნდა ჩვენი კაცი, რომ მონასტერები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენის მონასტრების, ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს. ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთი ტრაპეზეს დასადები ადგილი იშოვნოს, და თქვენ სულ იერუსალიმი დაკარგეთ. თუ იერუსალიმი დაგეკარგვნიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ", - ამ წერილს საქართველოში წერს თანამემამულეებს წმინდა მიწაზე მოღვაწე ერთ-ერთი უკანასკნელი მონაზონი InterPressNews.Geმართა.

. . . დავკარგეთ. ლამის დავივიწყეთ კიდეც. მაგრამ . . . 1845 წელს ნიკოლოზ ჩუბინაშვილს ფანქრით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის ფრესკა ფანქრით გადმოუხატავს. მანამდე ის ტიმოთე გაბაშვილს უნახავს თავისი აღმოსავლური მოგზაურობის დროს. ეს ფრესკა პირველად მის ჩანაწერებში იხსენიება. შემდეგ ალექსანდრე ცაგარელმა ნახა 1883 წელს, შემდეგ - პეტრე კენჭოშვილმა 1899 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ იერუსალიმში ჩასულ ნიკო მარს გადალესილი კედელი დახვდა - ქართველთა მოხშირებული სტუმრობით შეშფოთებულმა ბერძნებმა სავანეში ქართველთა ნაკვალევის წაშლა დაიწყეს. . .

. . . 1960 წელი - იერუსალმის ჯვრის მონასტერში ქართველთა ექსპედიცია ჩადის - აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, ირაკლი აბაშიძე.

"ისრაელში ღამით, 24 ოქტომბერს დავეშვით. . . მივედით ჯვრის მონასტერთან. სულგანაბული მივადექით გალავნის უზარმაზარ ქვაბში მოთავსებულ რკინის კარებს, ზედ საბელით დაკიდული რკინის ჩაქუჩით მივაკაკუნეთ. გალავნის კარები გაიღო. მივადეგით მეორე, რკინის ძველ კარებს. მოიტანეს ვეებერთელა უძველესი გასაღები, ორივე ხელით გადაატრიალეს საკეტში და კარი მძიმედ გაიღო. შევდგით შიგ ფეხი. ვეძგერეთ კედლის მოხატულობას, ფრესკებს, წარწერებს.. აქ ხომ ცაგარელის ცნობით ბევრი ქართული ფრესკა და წარწერა უნდა იყოს. . . მოუსპიათ . . . დავაგვიანეთ, ასი წლით მაინც დავაგვიანეთ - მწუხარედ ამბობს აკაკი შანიძე.

აი, მოზაიკის იატაკზე ჩაჭედილი ლითონის დისკი შევნიშნე, ზედ ქართული ასომთავრული წარწერით. გავძახი აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელს, ისინიც მოვიდნენ... ამოვიკითხეთ: "დექით მტკიცედ და შეურყევლად". შემოვუარეთ ირგვლივ სვეტს, სადაც რუსთაველის ფრესკა გვეგულება. ადგილი მთლიანად შავი საღებავითაა დაფარული. ვეკვეთეთ შავ საღებავს ახალი საშუალებით, რომლითაც აღჭურვილები ვართ. …გამოდის, გამოდის. . . მოჰკიდა ხელი შავ სუდარას, ქიმიურად შლის, ნელ-ნელა, ძლივს, სულ უფრო და უფრო იწმინდება რუსთაველის წითელი ტანსაცმელი. მივყვებით მაღლა, სულ მაღლა. გამოჩნდა თეთრი წვერი. სახეს რომ ვუახლოვდებით, ვცდილობთ, ზედმეტი ძალა არ InterPressNews.Geდავატანოთ მარჯვენას, ალერსით, ფრთხილად ვწმენდთ. . . ვაშა, გამოჩნდა, დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა, ხოლო ქვემოთ პორტრეტზე "რუსთაველი" - თეთრად გამოანათა ქართულმა ასომთავრულმა.

აწი ვეღარსად დაგვეკარგება. ვერავინ წაშლის ჯვრის მონასტრის შოთა რუსთაველს. იგი ჩვენია დღეს, ჩვენს ხალხს ეკუთვნის", - ამ სტრიქონების ავტორი ირაკლი აბაშიძეა.

1960 წელს იერუსალიმში მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის დროს შოთა რუსთაველის სურათის ხელახლა აღმოჩენის ამბავს ყვება. ამბობს - აწი ვერავინ წაშლის ჯვრის მონასტრის შოთა რუსთაველსო. წაშალეს, თანაც ისე, რომ მისი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელია - ნაჯახით ამოუმტვრიეს სახე. მაგრამ . . . ჩვენ მივუსწარით, ავის მოსურნეს კი დააგვიანდა. ქართველი თანდათან უბრუნდება "მეუფის სახლს", რომლის დაკარგვასაც ასე მისტიროდა ქართველი მონაზონი.

". . . იმედი გამიჩნდა, რომ დაბრუნდება ძველი დრო, როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ",- ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ამ დღეებში, იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ . . .

დავით შალიკაშვილი

იხილეთ ვიდეო: რა შანსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას ჯვრის მონასტრის დასაბრუნებლად

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის