საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 29 თებერვალს დაბადებული 2451 ადამიანი ცხოვრობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ვინაიდან 29 თებერვალი კალენდარში ოთხ წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ამ დღეს დაბადებულებთა რაოდენობასთან დაკავშირებით, კვლევა ჩატარდა. მონაცემები ეყრდნობა საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას.
აღმოჩნდა, რომ 29 თებერვალს დაბადებული ადამიანების უმეტესობა ძირითადად რეგისტრირებულები არიან თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ყველაზე უხუცესი ცხოვრობს თბილისში და იგი 92 წლის გახდა. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც 29 თებერვალს წელს პირველად აღნიშნავენ დაბადების დღეს, ასეთი სულ 75–ია.
აღმოჩნდა, რომ 29 თებერვალს დაბადებული მოქალაქეები ქვეყნის რეგისტრირებული მოსახლეობის 0,055 პროცენტს შეადგენს.
კვლევამ აჩვენა, რომ 29 თებერვალს დაბადებულებში მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ: 2451 მოქალაქიდან 1262 ქალბატონია, ხოლო 1189 – მამაკაცი.