შსს კახეთის სამხარეო პოლიციისა და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ოჯახებზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული რამდენიმე პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია: ივანე ჯანიაშვილი, შაქრო ხიმშიაშვილი, გიორგი ბასილაშვილი, ავთანდილ ბედენაშვილი, გიორგი შაკიაშვილი, პლატონ ქურდაძე, ლევან კალატოზიშვილი, ბექა ცერცვაძე და მალხაზ მამაიაშვილი.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პირები ნიღბების გამოყენებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმოდნენ ოჯახებს. ყაჩაღობის დროს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ დაზარალებულებს; უკრავდნენ ხელ-ფეხს და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ოჯახიდან გაჰქონდათ ძვირფასეულობა და ფულადი თანხა. აღნიშნული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ თბილისში და კახეთის რეგიონში. გამოძიების შედეგად დადგენილია მათ მიერ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის ხუთი ფაქტი.
შაქრო ხიმშიაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უნომრო ავტომატი "აკ-74" ოთხი მჭიდით და 46 ვაზნით, "ტტ,,-ს სისტემის პისტოლეტი, ,,გოლდსტარი"-ს სისტემის იარაღი და 3 ხელყუმბარა. ასევე, ლევან კალატოზიშვილის ბინიდან ამოღებულია ,,კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179 და 236 მუხლებით.