"ილიაუნის თეატრში" დღეს სპექტაკლის "სიზმრები სინანულისანი" პრესისა და თეატრის კრიტიკოსებისთვის სპეციალური ჩვენება მოეწყობა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან" აცნობეს, წარმოდგენის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთი იქნება. სპექტაკლის პრემიერა კი "ილიაუნის თეატრში" 22, 24, 25 და 29 მარტს, 19.00 საათზე, გაიმართება.
ორმოქმედებიანი კომედია "სიზმრები სინანულისანი" მიხაილ ბულგაკოვის პიესის "ივან ვასილის-ძე" მიხედვით შეიქმნა. "მიხაილ ბულგაკოვის ცნობილი პიესა "ივან ვასილის-ძე", სადაც ივანე მრისხანე საბჭოთა მოსკოვში ხვდება, ქართველმა დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა გადმოაქართულა და დავით აღმაშენებელი თანამედროვე განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე დროებით ჩამოასახლა", - აცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცნობილი რუსი მწერლის პიესის გაქართულებული ვერსია ცნობილმა დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა სპეციალურად "ილიაუნის თეატრისთვის" 2011 წლის ზაფხულში შექმნა. პიესის რეჟისორი კი ოთარ ეგაძეა.
"აინშტაინის თეორიის ნაწილია: დრო არ არსებობს და მასში გადაადგილებაც ბიო-ზელდა ბირთვის საშუალებით ხდება", რისი დამტკიცებაც მეცნიერ-გამომგონებელმა მიხეილ გორგაძემ შეძლო და დიდი დავით აღმაშენებელი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ამოგზაურა", - განმარტავენ უნივერსიტეტში.
სპექტაკლში გამოყენებულია სულხან ცინცაძის მინიატურები საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის შესრულებით; სოსო ბარდანაშვილის "ელეგია" თელ-ავივის კამერული ორკესტრის შესრულებით და "ფსალმუნი 121" ბუდაპეშტის ქალთა გუნდის შესრულებით. დეკორაცია კი გიორგი ურიდიამ დაამზადა.