ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკები შექმნეს. სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
რუკების პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
საქართველოსა და მისი რეგიონების დეტალური რუკები და შესაბამისი მონაცემთა ბანკი მსოფლიოში აპრობირებული, ახალი ტექნოლოგიების (GIS) გამოყენებით შეიქმნა.
მეცნიერების განცხადებით, ასეთი მასშტაბის, სიზუსტისა და დეტალურობის მქონე რუკა დღემდე შედგენილი არ ყოფილა. რუკებზე მოცემულია ინფორმაციები მდებარეობის, რელიეფის, გეოდინამიური პროცესების, ნიადაგის, ლანდშაფტის სტრუქტურის, ატმოსფერული ნალექების, მცენარეული საფარისა და ტყის ტიპის შესახებ.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალი რუკები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულიდა შემეცნებითი მიზნებისთვის. სულხან სისაურის თქმით, რუკები და შესაბამისი მონაცემთა ბაზა დააინტერესებთ სამშენებლო, საკადასტრო, სოფლის მეურნეობის, სატყეო, ტურიზმის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებს.
სამწლიანი სამეცნიერო კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 150 000 ათასი ლარით დაფინანსდა. პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა.