"ახალი მემარჯვენეები" ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემაჯვენეების" პრესცენტრიდან აცნობეს, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ დღეს, ქუთაისში ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აქციათა 62% – ს სახელმწიფო ფლობს.
"ახალი მემარჯვენეების" ქართული სოფლისათვის ფართომასტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემად სწორედ სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა გამოიკვეთა.
"ჩვენ უკვე რამდენიმე ასეული სოფელი შემოვიარეთ საქართველოში და სოფლების უმეტესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებისათვის საშურ დროს ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა", – აცხადებს დავით გამყრელიძე.
მისივე თქმით, სხვადასხვა სოფლის ტერიტორიაზე არსებული სავარგულის დამუშავებას გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის ტრაქტორი ესაჭიროება.
გამყრელიძის განმარტებით, თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ წარმატებით გაართვას თავი უახლესი ტიპის ჯავშან–მანქანისა და უპილოტო თვითმფრინავის გამოშვებას, სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებობს საიმისო ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დავიწყოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება.
მისივე თქმით, ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენით საქართველო სერიოზულად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აგრარული სფეროს მნიშვნელოვან განვითარებას და წარმოებულ ტექნიკას სერიოზულ საექსპორტო დატვირთვასაც მისცემს.