გრიგოლეთში "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის" დაფინანსების შეთანხმებები გაფორმდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის" დაფინანსების შეთანხმებები გაფორმდა.

ღონისძიება გრიგოლეთში გაიმართა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, ვილჰელმ მოლტერიემ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ევროკავშრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით ფინანსური რესურსის გამოყოფას 170 მილიონი ევროს ოდენობით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით ქვეყანა 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი მიზნად ისახავს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, დაახლოებით, 52 კილომეტრი სიგრძის ახალი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას და გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ.ჩოლოქი) არსებული გზის (დაახლოებით 16 კმ) რეაბილიტაციას. პროექტზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის დასაწყისიდან დაიწყება.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რეგიონის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად.

"აღსანიშნავია, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მშენებლობაში დასაქმდება მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, რაც გამოიწვევს მათი შემოსავლების ზრდას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას", - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ამოქმედებით სწრაფად განვითარდება ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონი - იმერეთი და გურია. მისივე თქმით, ახალი გზის მშენებლობით ტრანზიტული მოძრაობისგან მთლიანად განიტვირთება გურიის რეგიონის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა გაზრდის ტურისტულ ნაკადს აჭარის რეგიონში, კერძო ინვესტიციების შემოდინებას წაახალისებს. ახალი მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები, გაიზრდება სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა, გაადვილდება გადაადგილება ქვეყნის რეგიონებს შორის, გაუმჯობესდება მგზავრობის ხარისხი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია