საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი სასტუმრო გახსნა

ქუთაისის ისტორიულ უბანში საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალი სასტუმრო გახსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ინვესტიციით აშენებულ 25-ნომრიან სასტუმროს, ერთდროულად, 50 დამსვენებლის მიღება შეუძლია.

მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო დაათვალიერა და ქალაქის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ყურადღება ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ბიზნესს ახალ შესაძლებლობებსაც უხსნის. ეს კი, მისი თქმით, ხალხის დასაქმების უმთავრესი წინაპირობა, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის საფუძველია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისში ახლა სწორედ ის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თბილისში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო. "ეს სასტუმრო ნათელი მაგალითია იმისა, რა სარგებლობა მოაქვს ქუთაისში პარლამენტს. ქუთაისში სასტუმროების არავითარი აუცილებლობა არ იყო. ეს სასტუმრო ძალიან ლამაზ ადგილზე გაკეთდა - სრულად აღდგა მთელი უბანი და გამოცოცხლდა. ეს უბანი რომ არ გაგვეკეთებინა, აქ სასტუმროს აშენებას აზრი არ ექნებოდა. ახლა ამ უბანს ტურისტული ღირებულება აქვს. აქედან კარგად მოჩანს ახლად აღდგენილი თეთრი ხიდიც. სწორედ მის კუთხეში იქნება ულამაზესი სასტუმროს შენობა, რომელსაც იგივე კომპანია გახსნის შემოდგომაზე. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტურისტული ადგილი საქართველოში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქუთაისში ხალხი საქმდება და ტურისტული ინდუსტრია ჩნდება იმ პირობებში, როდესაც წყალტუბოში რამდენიმე ათეული სასტუმრო აშენდება უახლოეს წლებში; იმ პირობებში, როდესაც საირმე უკვე გაკეთდა; იმ პირობებში, როდესაც გარშემო ორი მღვიმე გავაკეთეთ; ვანში ძალიან დიდ სამუზეუმო კომპლექსს ვქმნით გათხრებსა და ვანის საგანძურზე; იმ პირობებში, როდესაც ქუთაისის მუზეუმი გადავიტანეთ ახალ შენობაში... აქ უცხოელი ტურისტების დიდი რაოდენობა იმისთვისაც ჩამოვა, რომ საპარლამენტო კვარტალი ნახოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქუთაისში გაჩნდება დიდი ტურისტული პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკეთებული ქუჩები სხვა დატვირთვასაც შეიძენს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ვარდების რევოლუციამდე", თბილისში შარდენის ქუჩა არ არსებობდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც იქ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, გარშემო კვარტლებიც განვითარდა. "დედაქალაქში მანამდე ერთი პატარა ქუჩა იყო - პეროვსკაია... თბილისის აღმშენებლობა დაიწყო მაშინ, როდესაც პირობები შევქმენით. ზუსტად ასევე გაკეთდა სიღნაღი, ასევე კეთდება თელავი. ქუთაისს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. იმ პირობებში, როდესაც ასეთი გაჭირვებაა, ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ასევე, მინდა ბიზნესს ვთხოვო, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში ბევრი სტუდენტი აიყვანონ. ჩვენ ამ პროგრამას ვაფინანსებთ და ზაფხულში უნდა დაასაქმონ ისინი. ასე ახალგაზრდები მუშაობასაც ისწავლიან, შრომის ფასსაც გაიგებენ, ჯიბის ფულიც გაუჩნდებათ და კარგი საქმეც გაკეთდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალი სასტუმროს Empire Hotel-ის მშენებლობაში კომპანიამ "შიტრიტ ჯგუფი საქართველოში" მილიონ 600 ათასი დოლარი ჩადო. მშენებლობა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 50 ადამიანი იყო დასაქმებული.

კომპანიის დირექტორი, ძირითადი აქციონერი და სასტუმროების ქსელ Empire Hotel-ის მფლობელი შიმონ შიტრიტი ქუთაისის საპატიო მოქალაქეა. ამერიკელი ბიზნესმენი 2012 წლის დამლევამდე ქუთაისში კიდევ ერთი სასტუმროსა და რამდენიმე სავაჭრო ობიექტის დასრულებას გეგმავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია