საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბონდო შალიკიანი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. შალიკიანი ნათელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
შალიკიანის თქმით, ის დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ ნათელაშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. მისივე განმარტებით, ნათელაშვილმა ივანიშვილის ლანძღვა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ლიდერმა "ლეიბორისტებთან" თანამშრომლობაზე უარი თქვა.
შალიკიანისთვის ასევე მიუღებელია, ნათელაშვილის მხრიდან ბერა ივანიშვილის კრიტიკა.
"ბიჭი, რომელიც სანახევროდ, საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიზარდა, თანაც მილიარდერის ოჯახში, ბიზნესით და ფულის კეთებით კი არ ინტერესდება, არამედ ხელოვნებით - ეს დასაფასებელია. ბერა ივანიშვილი კი არ ტირის, არამედ მღერის, რა ვერ გაიგე შალვა, ხალხს უმღერის, სითბოს გასცემს, ის ამ ყველაფერში შრომას დებს. რა მორალური, ქრისტიანული, მამაკაცური უფლება გაქვს, ჩვენი შვილის ტოლი ბიჭი გააკრიტიკო შენი პოლიტიკის გამო და ისიც, სიმღერისთვის. მამას რომ გვერდით უდგას შვილი ეს არასწორია, თუ რისი თქმა გინდა? შალვა, შენ ჩემს შვილს აქებდი, კარგი აღზრდილიაო. ის ჩემი შვილი, უკვე სამი წელია პოლიტიკური პატიმარია, გაგხსენებია ერთხელ მაინც 25 წლის ბიჭი?", - აცხადებს შალიკიანი.
ყოფილი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ "ლეიბორისტების" ლიდერის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთების შემდეგ, ნათელაშვილს მხარს საქართველოში აღარავინ დაუჭერს.
"შალვა, საკუთარ ოჯახს კარგად შეხედე, თუ არ იცი თამაშის წესების საზღვრები? ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავინ დარჩება უპასუხოდ, ვინც ოპოზიციის მანტიით ანგრევს ქვეყანას და ატყუებს ხალხს. ხელისუფლება თუ აშავებს ერთს, ისინი აშავებენ ათს. არავის შერჩება ოპოზიციაში "თბილად" ყოფნა სხვისი ტკივილების ხარჯზე", - აცხადებს შალიკიანი.
ბონდო შალიკიანის განცხადება პარტია "თავისუფალმა საქართველომ" გაავრცელა.