გორში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში 25 კორპუსის დაზიანებული სახურავები შეკეთდება - სახურავების ნაწილი მოთუთიებული პროფილირებული თუნუქის ფურცლებით, ნაწილი კი ლინოკრომის საფარით გადაიხურება.
პროექტის მიხედვით სამუშოები დაახლოებით 13 530 კვადრატულ მეტრზე ჩატარდება.
მრავალბინიანი კორპუსების სახურავების შეკეთება გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წელს დაგეგმილ პროგრამებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მომართვებმა განაპირობა. სახურავების შეკეთება წლების მანძილზე არ მომხდარა, რის გამოც წვიმის დროს 1000 მეტ ოჯახს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ოდა" აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 235 152 ლარია გამოყოფილი, ერთ თვეში დასრულდება.
"აღნიშნული 25 ბინის გარდა, 2012 წელს 31 მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიც გამოიცვლება. სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე გამოცხადებულია ტენდერი. პროექტის დასრულების შემდეგ, გორში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებლებლებს მოეხსნებათ ყველა ის პრობლემა, რომლებსაც მათ დაზიანებული სახურავი წლების მანძილზე უქმნიდა", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ნუკრი აბალაკი.