ხელოვნურ ჩასახვებზე შესაძლოა გარკვეული აკრძალვები დაწესდეს. აკრძალვებს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების პრეოქტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დღეს იყო ინიცირებული.
კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული იქნება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენება მომავალი ბავშვისათვის განსაკუთრებული ფიზიკური ან და ფსიქიკური მახასიათებლების ჩამოყალიბების მიზნით.
ასევე, ასეთი ხელოვნური ჩასახვა შეუძლებელი იქნება სქესის შერჩევის მიზნით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თავიდან უნდა იყოს აცილებული სქესთან შეჭიდული, სერიოზული მემკვიდრული დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მძიმე უნარშეზღუდულობა ან სიკვდილი.
ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენება აკრძალუილი იქნება მხოლოდ სამედიცინო – ბიოლოგიური კვლევის მიზნით ემბრიონის შესაქმნელადაც და ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ემბრიონი სხვა ემბრიონიდან ან ნაყოფიდან აღებული უჯრედისაგან ან უჯრედის ნაწილისაგან იქმნება.
ამასთან, აკრძალული იქნება ხელოვნური განაყოფიერება ცხოველის სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის ან ნაყოფის ადამიანისათვის გადატანის და დონორის სპერმის, კვერცხუჯრედის ან ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის ყიდვა-გაყიდვის მიზნებით.
კანონპროექტითვე, აკრძალული იქნება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენება, მომავალი ბავშვის გაშვილების მიზნითაც.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეა.