"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვაში ხვალ უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, თსუ-ში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ საინგილოდან, შვედეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქართველები.
წიკლაურის განცხადებით, "ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების გამორჩეული ძეგლია და მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში აუცილებელია. მან მოუწოდა მშობლებს, მივიდნენ ბავშვებთან ერთად თსუ-ში და მონაწილეობა მიიღონ მარათონში.
პარლამენტარმა აღნიშნა, რომ "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვით საქართველო სხვა ქვეყნებისგან გამორჩეული არ არის, რადგან ანალოგიური ხდება ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში, სადაც შესაბამისად, სერვანტესის, დანტესა და პრუსტის ნაწარმოებების საჯარო კითხვა ხდება.
წიკლაურისთვის "ვეფხისტყაოსნიდან" ყველაზე საყვარელი ადგილები ავთანდილის ანდერძი და ქაჯეთის ციხიდან ნესტანის გამოხსნის ეპიზოდია.