გივი თალაკვაძე – ქართველი ხალხი უკეთეს აწმყოსა და მომავალს იმსახურებს

თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამოხატვის მხარდასაჭერად კიდევ ერთი სტრუქტურის შექმნის იდეა 2008 წელს დაიბადა. ორგანიზაციას, რომლის სათავეებთან იყვნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები – გურამ დოჩანაშვილი, მიხეილ ქურდიანი, თამარ დეკანოსიძე, გურამ ლორთქიფანიძე, მერაბ ჯიბლაძე, მედეა კუჭუხიძე, იაკობ ბობოხიძე, ჯანსუღ ჩაკვიანი და ბევრი სხვა, "თავისუფალი აზრის სახლი" ეწოდა. რამდენიმე წელიწადში "თავისუფალი აზრის სახლმა" სხვადასხვა ეტაპები განვლო - საზოგადოებრივი დისკუსიებიდან, შეხვედრებიდან, სოციალური და ეკონომიკური პრობლემატიკით დაინტერესებიდან - უშუალო პროგრამებისა და კონცეფციების, დარგობრივი პროექტების შემუშავებამდე და საზოგადოებისადმი მათი რეალიზაციის კონკრეტულ გეგმების შეთავაზებამდე. ორგანიზაციის საქმიანობისა და იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც ექსპერტებთან ერთად მუშავდება, "ინტერპრესნიუსი" ამ ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემიების ნამდვილ წევრს გივი თალაკვაძეს ესაუბრა.

- ბატონო გივი, საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს "თავისუფალი აზრის სახლს", გვიამბეთ იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რომელსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს?

- "თავისუფალი აზრის სახლმა" აქტიური მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. შეიქმნა რამდენიმე თემატური დარბაზი, რომელშიც საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაერთიანდნენ. ტარდებოდა სხდომები, იხილებოდა აქტუალური საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში პუბლიკაციებისა თუ ინტერვიუების სახით ვრცელდებოდა. მიუხედავად მცირე დროისა, ორგანიზაცია საკმაოდ ავტორიტეტული გახდა. დღეს კი მის საქმიანობაში უმთავრესია ანალიტიკური მასალების შემუშავება, თუმცა საბოლოო მიზანი ისევ ის არის, რაც ადრე – ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა, "თავისუფალი აზრის სახლის" ტრიბუნის დათმობა საზოგადოების წარმომადგენლებისადმი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის გასაჟღერებლად და განსახილველად. საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებულიყო იმაზე, თუ რა და როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში, რა პერსპექტივები გააჩნია ქვეყანას ამა თუ იმ სფეროში და რა გზებითაა შესაძლებელი ამ პერსპექტივების რეალიზაცია.

სწორედ ამ მიზნით, 2010 წელს, ჩვენი ჯგუფის მიერ, რომლებიც ცნობილ მეცნიერებსა და ექსპერტებს აერთიანებს, შეიქმნა რამდენიმე საინტერესო ნაშრომი. ერთ-ერთი მათგანია ანალიტიკური კვლევა "საქართველო 2009". დოკუმენტი ეძღვნება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მიმოხილვას 2009 წლის შედეგების მიხედვით. პროექტის ფარგლებში მოხდა არა მარტო სიტუაციის შესწავლა, არამედ მისი ანალიზი, შემუშავდა დასკვნები. ვიყენებდით მხოლოდ ოფიციალური წყაროების მონაცემებს, რომელთა ანალიზის შედეგად ბევრისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მოულოდნელად რთული აღმოჩნდა. არადა, მონაცემები, რომლითაც ვხელმძვანელობდით, ვიმეორებ, ცნობილი იყო. ამდენად, შესაძლებელია ალბათ იმის თქმა, რომ ცნობილმა გამოთქმამ "ვინც ფლობს ინფორმაციას, ფლობს მსოფლიოს" დღეს თავისი აქტუალობა ერთგვარად დაკარგა; მხოლოდ ინფორმაცია აღარ არის საკმარისი სიტუაციის ფლობისათვის, რადგან მისი მოპოვება დღეს პრობლემატური აღარ არის. მთავარია ამ ინფორმაციის ყოველმხრივი, ღრმა და მიუკერძოებელი ანალიზი, რაც, ბუნებრივია, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გარკვეულ დონესთან არის დაკავშირებული.

- თქვენ ახსენეთ, რომ ექსპერტებთან და მეცნიერებთან ერთად მუშაობთ მნიშვნელოვან პროექტებზე; ვიცი, რომ ეს პროექტები ეხება მდგომარეობას ზოგადად ეკონომიკაში და კერძოდ, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ინტერესებით ასევე, ქვეყნის რესურსების, დემოგრაფიულ პრობლემების და სხვა საკითხებით. თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და ყველაზე დროულად რომელი პრობლემა უნდა გადაიჭრას?

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე დაიწყო მუშაობა, განსაკუთრებით გასული წლის ოქტომბრიდან. ჩემი აზრით განსაკუთრებით აქტუალურია ანალიტიკური კვლევები, რომლებიც ეხება დემოგრაფიულ პრობლემებს, ეკოლოგიურ საფრთხეებს, სტიქიური და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციას, აგრარულ და ენერგეტიკულ სფეროებში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას. მხოლოდ ამ უკანასკნელ საკითხის კვლევასა და ანალიზს მთელი 2010 წელი მიეძღვნა. ტრადიციულად, ქვეყნის სტრატეგიული რესურსების შეფასებისას, ძირითადი აქცენტი, როგორც წესი, ყოველთვის კეთდებოდა იმაზე, რაც დევს მიწაში, ანუ მინერალურ რესურსებზე. არადა ქვეყანა, ამავე დროს, მფლობელია უამრავი სხვა სახის რესურსების, რომელთა არა მხოლოდ გამოყენება, არამედ განვითარება და გამდიდრება შეიძლება. ნაშრომში "საქართველოს ბუნებრივი რესურსები", გაკეთებულია მიმოხილვა მინერალური რესურსების, ჰიდრორესურსების (საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის რაოდენობით), სატყეო რესურსების, რაც ერთ-ერთი უნიკალური რესურსია საქართველოსთვის, მიწისა და რეკრეაციულ რესურსების შესახებ.

მოგეხსენაბათ, დღეს საქართველოში ტურიზმის "თეორიული" ბუმია. ეს დარგი მართლაც უდიდესი პოტენციალის მქონეა. მაგრამ, აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველი - ტურიზმის განვითარება ამა თუ იმ ქვეყანაში მხოლოდ მისი ბუნებით და კლიმატით არ არის განპირობებული - თუმცა ეს შეიძლება ითქვას ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა. ტურიზმის აღმავლობასა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ–ერთ წამყვან დარგად ჩამოყალიბებას კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს გულისხმობს. ასე რომ, ჯერ სახსრების მოზიდვაა აუცილებელი. ეს კი, მხოლოდ ეკონომიური ამოცანა არ არის. ფული, როგორც წყარო, მიედინება იქით, სადაც მისი გამოყენების უკეთესი წინაპირობებია, პოლიტიკური სტაბილურობაა - ანუ რისკის ხარისხი დაბალია. ამ მხრივ კი, ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი საზრუნავი აქვს. მეორე - მხოლოდ ტურიზმის განვითარებით ჯერ არავის, არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია ეკონომიკის აღმავლობისათვის. თუ არ განვითარდა რეალური, მწარმოებული ეკონომიკის სექტორი, თუ არ ამუშავდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თუ საერთაშორისო სტანდარტებს არ მიუახლოვდა ვაჭრობისა და მომსახურების სფერო - ტურიზმის საგრძნობ წვლილზე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ვერ ვისუბრებთ. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნებისმიერ რაიონში, მცირედი ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში შეიძლება, მოიძებნოს ისეთი ადგილები, რომელიც შესაძლოა, ტურისტულ ცენტრებად გადაიქცეს როგორც უცხოელებისთვის, ასევე კავკასიის რეგიონის მოსახლეობისთვის და იგივე ქართველებისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქისთვის საკუთარ სამშობლოში ტურის მომსახურბა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე უცხოელისთვის, რადგან ამ უკანასკნელის მომსახურების შემთხვევაში, ტუროპერატორი დღგ-ს გადასახადისგან თავისუფლდება, ადგილობრივების მომსახურებისთვის კი კომპანიები დღგ-თი იბეგრებიან. თუმცა, ასეთი ვითარება არის ჩვეულებრივი "წუნი", გაუგებრობა, როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ისე, არა მარტო შიდა ტურიზმი, ქართველებითვის ყველაფერი ძვირია საქართველოში, იგივე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების გადასახი. მაგრამ ეს ცალკე, მსჯელობის თემაა.

- რაც შეეხება დემოგრაფიას . . .

- მივიჩნევ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოსთვის დემოგრაფიული პრობლემაა. მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს დაფიქსირდა, რაც 5.4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. 1950 წელს 3,5 მილიონი ვიყავით, ანუ 30 წელიწადში თითქმის 2 მილიონით(!)– 57%–ით გავიზარდეთ. 1990 წლიდან კი დაიწყო მოსახლეობის კლება: 1990–2000 წლებში – 715 ათასით, ხოლო 2000–2010 წლებში – 526 ათასით, ანუ 20 წელიწადში 1 მილიონ 241 ათასით – 23%–ით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა – ოფიციალური მონაცემებით. დღეს სტატისტიკის დეპარტამენტი, ოფიციალურად, 4 მილიონ 680 ათას ადამიანს ასახელებს. ამავე დროს, სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე რუსეთშია წასული, თურქეთში – 500 ათასამდე, საბერძნეთში – 300 ათასი. სხვა ქვეყნებს რომ თავი გავანებოთ, მარტო ამ ციფრების ჯამით გამოდის, რომ მილიონ 800 ათასი მოქალაქემ დატოვა საქართველო. მაგრამ მარტო მიგრაცია არ არის მიზეზი საქართველოში დემოგრაფიული საფრთხეების ზრდისა; სერიოზული პრობლემაა შობადობის კლება და სიკვდილიანობის მატება. გაეროს მონაცემებით, 2000–2005 წლებში სიკვდილიანობა საქართველოში შეადგენდა 49 ათასს, ხოლო 2005–2010 წლებში – 52 ათასს, ხოლო შობდობა, შესაბამისად, 56 ათასსა და 53 ათასს, მაშინ როდესაც 1995–2000 წლებში ეს მაჩვენებელი 62 ათასს აღწევდა. მკვეთრად იმატა, აგრეთვე, მოსახლეობის საშუალო ასაკმა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საქართველო მოხვდა იმ ქვეყების რიცხვში, სადაც მოსახლეობის კლება ყველაზე სწრაფია. ეს კვლევა 2011 წელს ამერიკის ცენტრალურმა სადაზერვო სამართველომ ჩაატარა, რომელიც 2012 წლის მარტში გამოქვეყნდა; კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ საქართველო 1000 სულ მოსახლეზე მიგრანტების რაოდენობით მსოფლიოში 220 ქვეყნიდან 189-ე ადგილზეა. იგივე კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე შემცირებული თავისი მოსახლეობის რაოდენობით (217–ე 232 ქვეყანას შორის). თუ არსებული ვითარება არ შეიცვალა, ამას კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხიც ემატება. ქართველების წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში ეცემა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს წუხილი არანაირ კავშირში არ არის ნაციონალიზმის პოზიციებიდან მსჯელობასთან. საქართველოში ნებისმიერი ეროვნების მოსახლეობის, ანუ ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა ზრდა მისასალმებელი პროცესია, მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივიცაა და გასაგებიც, როცა ამ პროცესში ქვეყნის ძირითადი ეროვნების წარმომადგენელთა პროცენტული მაჩვენებლის დინამიკის მომართ განსაკუთრებული დამოკიდებულების აუცილებლობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. თუ ვითარება არ შეიცვალა, 2025-30 წლებისთვის ქართველები საქართველოში უმცირესობაში იქნებიან. დემოგრაფიული პრობლემები ბუნება ისეთია, რომ რაიმე ბრძანებულებით, დადგენილებით ან ხელის ერთი დაკვრით ვერ გამოსწორდება - როგორც გაუარესებას დასჭირდა წლები, მდგომარეობის გამოსწორებასაც წლები სჭირდება, მაგრამ თუ ამთავითვე არ დაიწყო ზრუნვა ამ პროცესების შემობრუნებაზე, შედეგი სავალალო იქნება..

- რას გულისხმობთ "ზრუნვის დაწყებაში", რა პროცესებია ამისთვის საჭირო?

- მხოლოდ შეგონებითა და მოწოდებებით საქმეს ვერ ვუშველით. ერთადერთი გამოსავალი არის სწორი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი რეალიზაცია, საზოგადობის სტიმულირება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახების. სტიმულირება კი მხოლოდ მატერიალური რესურსითაა შესაძლებელი, უნდა მოხდეს ისეთი განწყობის შექმნა, რომ ბავშვის გაჩენა არა მარტო მშობლის პირად ბედნიერებად და წარმატებად, არამედ სახელმწიფოს წარმატებად ითვლებოდეს. თუ ოჯახს ეყოლა 3 ბავშვი (სტატისტიკოსები თანხმდებიან საშუალოდ, ერთ ოჯახში 2,3–ზე), მაშინ ნელი, მაგრამ გამოკვეთილი ტენდენციით დაიწყება მოსახლეობის ზრდა. სერიოზული პრობლემაა ასევე საცხოვრებელი ბინის თემა, ახალი ოჯახის დამოუკიდებლად ცხოვრება, რაც აუცილებლობას თუ არა, ძალზე ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს, ამას კი შესაბამისი სიციალური პოლიტიკის, მათ შორის შეღავათიანი კრედიტების სისტემის ამოქმედება სჭირდება. ახალ ოჯახს უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ მის წევრებს ჰქონდეთ სამუშაო, ადექვატური ანაზღაურება და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს. რაც შეეხება მშობიარობას, ის უნდა იყოს უფასო, რაც ბევრ ქვეყანაში გადაწყვეტილი საკითხია. დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტას ასევე, უშუალოდ უკავშირდება უმუშევრობის შემცირების აუცილებლობა რადგან ოფიციალური მონაცემები - 16-17% უმეშევარი – ძალზე შორს არის რეალური მდგომარეობიდან.

- დაინტერესდნენ თუ არა "თავისუფალი აზრის სახლიის" პროექტებით ხელისუფლებაში?

- ჩვენ ამ კვლევებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ შემდეგ თაროებზე შევინახოთ. ეს მასალები ქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე(www.froph.com), ჩვენ რეგულარულად ვაწყობთ პრეზენტაციებს, კონფერენციებს, სადაც მუდმივად ვიწვევთ, როგორც საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორის, ასევე ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების წარმომადგენლებს. არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელები არ მოგვეწვია, თუმცა უშედეგოდ.

- ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხები გადაჭრილია და მათ კიდევ უფრო განვითარებაზე ან ხელშეწყობაზე მუშაობა გრძელდება. როგორ შეაფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ პრობლემების მიმართ?

- ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ბევრ სფეროში უარესდება. გაურესებაში ვგულისხმობ, პირველ ყოვლისა სოციალურ სფეროს, მეცნიერებისა და განათლებისადმი, ქვეყნის უნიკალური რესურსებისადმი დამოკიდებულებას. საქართველოს სტრატეგიული რესურსებია რკინიგზა, პორტები, კომინიკაციური სისტემები, სატრანსპორტო მაგისტრალები, ტყე, მიწა, მინერალური რესურსები, წყალი. ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო ან თუნდაც, არასასოფლო დანიშნულების მიწა პრაქტიკულად თავისუფლად იყიდება აუქციონზე. გადახედეთ მსოფლიო პრაქტიკას, არც ერთ ქვეყანაში მიწის შესყიდვას უცხოელების მხრიდან ისეთი მასობრივი ხასიათი არ აქვს, როგორც ჩვენთან, რამაც შესაძლოა, დიდი ალბათობით, მკვეთრად ნეგატიური და საშიში პროცესების პროვოცირება გამოიწვიოს. მიწის მიმართ დამოკიდებულება სულ სხვა უნდა იყოს ჩვენთან ვიდრე, როგორც მაგალითად, რუსეთში და კანადაში, ან თუნდაც ბრაზილიაშია, სადაც მიწა გაცილებით მეტია, ვიდრე მასზე მოთხოვნა. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ჩვენ სულ გავქვს 800 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი, საიდანაც მხოლოდ 270-ათასამდე ჰექტარია გამოყენებული. 800 ათასი ჰექტარი მიწა დედამიწაზე ყოველ ორ კვირაში ერთხელ ქრება, იმდენად სწრაფად ხდება გამოსაყენებელი მიწის კარგვა ეროზიების, გაუდაბნოების და სხვა გლობალური ხასიათის პროცესების შედეგად. საქართველოში მიწის დიდი ნაწილი გამოუყენებელია და ეს გამოუყენებელი მიწა უფრო მარტივად შეიძლება გახდეს სხვისი საკუთრება. ადგილობრივებისთვის კი, იმათთვის, ვინც ათეულობით წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ მიწაზე და ამუშავებს მას, მიწის დაკანონება გართულებულია, ხოლო ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რაც საკარმიდამო და ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის რეგისტრაციისათვის უდიდესი უმრავლესობისათვის მიუწვდომელი გადასახადს ითვალისწინებს – პრაქტიკულად გამორიცხული. მაგრამ მარტო დაკანონებაც საკმარისი არ არის, გლეხს პირობები სჭირდება მისი დამუშავებისთვის და მოსავლის მოყვანისთვის. საჭიროა შეღავათიანი სესხები, ტექნიკითა და უახლესი აგროტექნიკური მიღწევებით მისი შეიარაღება. საქართევლოს ინდუსტრიული, სასოფლო-მწარმოებლური სფეროები არ ვითარდება ისე, როგორ უნდა ვითარდებოდეს, რათა ჩვენ ვიცხოვროვთ უფრო უკეთესად, ვიდრე დღეს ვცხოვრობთ. პირიქით, რეალური, მწარმოებლური სფეროები დეგრადაციას განიცდიიან.

- თქვენს პარტნიორებზეც რომ გვესაუბროთ, ვისთან თანამშრომლობთ და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარადაჭერა?

- ჩვენ საკმაოდ მჭიდრო და კოლეგიალური ურთიერთობა დავამყარეთ მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან. პირველი, რაც გავაკეთეთ, სტუმრად მოვიწვიეთ საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ედუარდ გარნერი, რომლისთვისაც გვინდოდა გაგვეცნო ქვეყანაში არსებული ვითარების ჩვენი ხედვა . სავალუტო ფონდის აზრით, საქართველოში ვითარება არის სტაბილური, ეკონომიკურად არც თუ ისე ცუდი. როცა ჩვენ საკუთარი ანალიზის მონაცემები გავაცანით და ისიც ავღნიშნეთ, რომ ზოგჯერ, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები რეალობას ადეკვატურად არ ასახავენ, რადგან ეყრდნობიან მხოლოდ ხელისუფლების მონაცამებს და უშუალოდ საზოგადოებისგან საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ. შესაბამისად, არ ხდება საზოგადოების აზრის გათვალისიწნება, მისიის ხელმძღვანელი ყურადღებით მოეკიდა ამ მოსაზრებას, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლია ის რომ საქართველოში საკმარისი დანაზოგები არ კეთდება. დანაზოგები, რაღა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩვენ ამაზე შევთავაზეთ, რომ ქუჩაში გავსულიყავით და პირადად გვეკითხა ადამიანებისთვის, რატომ არ აკეთებენ დანაზოგს. სამწუხაროდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დანაზოგი კი არა და, პურის ფული არ აქვს ზოგიერთ თბილისელს. რამდენიმე დღის შემდეგ სავალუტო ფონდმა თბილისში პრეზენტაცია გამართა, ჩვენც მოგვიწვიეს და უნდა ავღნიშნოთ, რომ გაცილებით ობიექტური შეფასებები გაკეთდა. საქართველოში მდგომარეობის დახასიათებისას. რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდმა შეხედულებები ძირეულად არ შეცვალა, მაგრამ ბევრი რამ დააზუსტა. ამ შეხვედრის შემდეგ ბატონმა გარნერმა თავის ოფისში მიგვიწვია. მიწვევა მივიღეთ აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის თბილისის წარმომადგენლობაშიც, სადაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უმუშევრობის და მოსახლეობის რეალური შემოსავლების თემებს უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და მათი მხარდაჭერაც ამ მიმართულებით უნდა გამოიხატოს.

- კიდევ რა სიახლეებს ამზადებს "თავისუფალი აზრის სახლი", მუშაობთ თუ რა ახალ პროექტებზე?

ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ოთხ პროექტზე - პირველი პროექტი ეს არის "რეალური რისკები რეალურ საქართველოში", რომლის მიზანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში არსებული მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გამომუშავება. მეორე - "პრიორიტეტები და რესურსები", რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობებისა და მისი ამოცანებიოს მკაფიოდ გამოკვეთა და ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა; მესამე – "მომავლის ზღურბლზე". ეს პროექტი დაეთმობა იმ გზებისა და არხების გამონახვას, რაც საქართველოს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, საკუთარი ისტორიული და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებასთან ერთდროულად საერთაშორისო პროცესებში წარმატებული ინტეგრაციისა. მეოთხე პროექტის ჩარჩოებში - მისი სამუშაო სახელწოდებაა "გლობალური გამოწვევები", ნავარაუდევია უახლესი ტექნოლოგიების, სოციალურ და ეკონომიკურ ინოვაციურ პროცესებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და "ქართულ" რეალიებთან დაკავშირება. გარდა ამისა, შევქმენით სამი საზოგადობრივი დარბაზი: "სოციალური და ანალიტიკური პროცესების ანალიზის დარბაზი", "საქართველოს განვითარების დარბაზი", "დემოგრაფიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარბაზი". თითოეულ მათგანში გაერთიანდებიან ის ექსპერტები და ანალიტიკოსები, რომლებიც მუშაობენ შესაბამის სფეროებში, აქვთ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები, რომელთა განხილვა და საზოგადოებისათვის მიწოდება მოხდება სწორედ "თავისუფალი აზრის სახლის" დარბაზების საშუალებით. ნაწილი ამ მხრივ მიმდინარე კვლევებისა, უკვე იქცა საზოგადოების განხილვის საგნად ინტერნეტ ტელევიზია ITETV-ს საშუალებით, სადაც ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით, 19:00 საათზე ეთერში გადის გადაცემა "თავისუფალი აზრის სახლის საათი".

მიმდინარე თვიდან დაგეგმილი გვაქვს "თავისუფალი აზრის სახლის" საინფორმაციო ბიულეტინის გამოცემა, თავდაპირველად მხოლოდ ქართულ ენაზე, თუმცა სათანადო რესურსების მოძიების შემდეგ, სავარაუდოდ. შემოდგომისთვის ბიულეტენი გამოვა ინგლისურ, და რუსულ ვერსიებშიც. ბიულეტენი ძირითადად დაეთმობა "თავისუფალი აზრის სახლის" ზემოხსენებული პროექტების მიმდინარეობის, მისი დარბაზების საქმიანობისა და მათი წევრების შეხედულებების გადმოცემას ჩვენი საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების გარშემო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს თანამშრომლობასა და კავშირებს, თუმცა ქვეყანაში, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოვლენებიც და პროცესებიც არ დარჩება უყურადღებოდ.

- და ბოლოს, როგორ გესახებათ საქართველოს უახლესი მომავალი?

საქართველოს მომავალი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მომავალი მხოლოდ მის სურვილებზე, შესაძლებლობებსა და უნარზე აღარ არის დამოკიდებული. ეს ეხება ისეთ ზესახელმწიფოებსაც, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები შეუდარებლად დიდია დანარჩენ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლენებთან. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ თითოეული ქვეყანა (სულ მსოფლიოში 263 ქვეყანაა, მათ შორის 193 - გაეროს წევრი) ამათუ იმ ფორმით მაინც მონაწილეობს ზოგადსაკაცობრიო პროცესებში, ურთიერთქმედებს სხვა ქვეყნებთან, მათი პოზიციების, სურვილების და პოტენციალის უგულებლყოფა შეუძლებელია.

ამიტომ, ასეთი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა, გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, გამოკვეთოს და განავითაროს ის დარგები, სადაც მას სხვებზე მეტის და გაცილებით უკეთესის მიღწევა შეეძლება. ამავე დროს უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ის დარგები და სფეროები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის, როგორც სამეურნეო და ეკონომიური ერთეულის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის.

მე რომ მკითხოთ, საქართველოს ძირითადი სიმდიდრე გეოსტრატეგიულ, სარესურსო და ინტელექტუალურ სფეროებში მოქცეული და თუ კი უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის ოპტიმალური მართვა, ეკონომიკასა და პოლიტიკაში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ყოველმხრივი და მაქსიმალურად სრული დამკვიდრება, დემოგრაფიული კრიზისის დაძლევა (რაც, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკიური პრობლემაა) ჩვენს ქვეყანას თავისუფლად შეუძლია უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში ისეთი აღმავლობის მიღწევა, რომ ქვეყნიდან წასული, ეკონომიკურად და სოციალურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნოს და წარმატებებს მიაღწიოს. მე და ჩემს კოლეგებს გარკვეული სქემები, ალგორითმები და პროექტები შემუშავებულიც გვაქვს და ვაპირებთ ამ თემას - საქართველოს პერსპექტიულ განვითარებას, უახლოეს პერიოდში სპეციალური პრეზენტაცია მივუძღვნათ.

ხათუნა კიღურაძე

"ინტერპრესნიუსი"

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი