თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფონდ "ქომაგისა" და ბიძინა გიორგობიანის სარჩელები არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძალაში დარჩა ფონდ "ქომაგის" დაყადაღებისა და ბიძინა გიორგობიანის 952 000 ლარით დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფონდ "ქომაგისა" და ბიძინა გიორგობიანის საჩივრებთან დაკავშირებით პროცესს უძღვებოდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელი. ბიძინა გიორგობიანისა და ფონდი "ქომაგის" ინტერესებს დღევანდელ პროცესზე ადვოკატი სოსო ბარათაშვილი იცავდა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარმოადგენდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რომელიც ევროსასამართლოში გასაჩივრდება.
რაც შეეხება შემდგემ პროცედურებს, ადვოკატის განმარტებით, დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცედურები, რის შედეგადაც "ქომაგის" დაყადაღებული ანგარიშები სახელმწიფოს ბიუჯეტში გადაირიცხება. ბიძინა გიორგობიანის ჯარიმის იძულებითი აღსრულება კი, სოსო ბარათაშვილის თქმით, საქართველოში არსებული ქონებით შეუძლებელია, რადგან გიორგობიანი საქართველოში ქონებას არ ფლობს.
ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატამ 28 მაისს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების, არჩევნებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის 90 000 ევროს ფონდ "ქომაგისთვის" გადარიცხვის გამო, თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ჯარიმის თანხამ 1 900 000 ლარი შეადგინა. ამასთან კონტროლის პალატის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ფონდ "ქომაგის" ანგარიშები დაყადაღდა. კონტროლის პალატის დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ "ქომაგის" დაყადაღების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ფონდს თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა დაავალა, ბიძინა გიორგობიანს კი ჯარიმის თანხა შეუმცირა და 952 000 ლარის გადახდა დააკისრა.
საქალაქო სასამართლოს სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც დღეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები "ქომაგთან" და ბიძინა გიორგობიანთან დაკავშირებით უცვლელი დატოვა.