ქუთაისის იუსტიციის სახლში ხვალ გამოფენა ”ძველი და თანამედროვე ქუთაისი” გაიხსნება, რომელიც ქალაქის ისტორიულ და დღევანდელ ხედებს აერთიანებს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის "საქართველოს ქალაქების" ფარგლებში ტარდება, რაც საუკუნისწინანდელი ხედების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შემონახვას ემსახურება.
ქუთაისის ისტორიული ფოტოები დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ საღარაძეს და სხვა ფოტოგრაფებს ეკუთვნით. მათი დღევანდელი ანალოგები, ასევე, ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო.
"საქართველოს ქალაქები" გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და გურამ წიბახაშვილის მონაწილეობით ბათუმში განხორციელდა და ფოტოები ბათუმის იუსტიციის სახლში გამოიფინა. მანამდე კი, 2009 წელს ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა.
ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოფენა ხვალ, 13:00 საათზე გაიხსნება და ორ კვირას გასტანს.