ლონდონში დღეს "ქართული სახლი" გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება, - ამის შესახებ გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან იუწყება. მისი ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. "ქართული სახლი" ქალაქის ცენტრში განთავსდება.
"ქართულ სახლში" სხვადასხვა შეხვედრები გაიმართება. მათ შორის, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარება, სტუმრებისთვის ეროვნული სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობა. "ქართული სახლის" მიზანია, ასევე, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია.
ლონდონის ოლიმპიადაში დღეს მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთვებიან. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე დღეს პნევმატური იარაღიდან ისვრის. დღესვე ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს.
გუშინდელი დღე ქართველი ოლიმპიელებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ასპარეზობას გამოეთიშა ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, ხოლო მოკრივე მერაბ თურქაძემ მძიმე წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა და ოლიმპიადიდან მოხსნეს. ბეთქილ შუკვანმა ერთი ბრძოლა მოიგო, მეორეში კი დამარცხდა.
ველომრბოლელი გიორგი ნადირაძე შეჯიბრებას სტარტამდე 100 კილომეტრით ადრე გამოეთიშა.
24 წლის ქართველი მსოფლიოს წამყვან ველოსიპედისტებთან პაექრობაში საგზატკეცილო ველორბოლაში ჩაება, მაგრამ 152-ე კილომეტრიდან ასპარეზობას გამოეთიშა.
137-ე კილომეტრის შემდეგ მისი დრო 3.39.34 იყო და 136-ე ადგილზე იმყოფებოდა. ნადირაძე მთელი ტურნირის განმავლობაში დაახლოებით ამ ზონაში -130-ეულში ტრიალებდა.