პუშკინის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დროს, მიწის გათხრისას ძველი თბილისის გალავანი გამოჩნდა.
სპეციალისტების ინფორმაციით, გალავნის უძველესი ფენა მე-5 საუკუნით თარიღდება, თუმცა ყველაზე კარგად გალავნისა და გალავანში დატანებული კოშკების ფრაგმენტებია შემონახული, რომელიც მე-12-მე-18 საუკუნეების პერიოდშია აგებული.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ძველი თბილისის გალავანი რუსეთის იმპერიის ანექსიის დროს, 1801 წელს დაანგრიეს.
გათხრების დროს არქეოლოგებმა თიხის და ჭიქური ჭურჭლის ფრაგმენტებიც იპოვნეს. მიწაში საომარი ქვის ბირთვებიც იქნა ნაპოვნი.
არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, პუშკინის ქუჩაზე გათხრების დროს ნანახი არქეოლოგიური მასალა თბილისის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
"მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. თუნდაც საომარ ქვის ბირთვებზე რომ ვთქვა-ამ ბირთვებით მტრები ანგრევდნენ გალავანს, ხოლო გალავნიდან ბირთვების ტყორცნით იგერიებდნენ მომხდურს", - განაცხადა მერაბ ძნელაძემ.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი საბანაძის განცხადებით, გალავნის ფრაგმენტები მიმდებარე ინფრასტურქტურის ნაწილში დარჩება და პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, მის დათვალიერებას თბილისელები და ტურისტები ქვედა დონის საფეხმავლო სივრცეში შეძლებენ.
ამ დროისთვის აღმოჩენილი გალავნის კონსერვაცია მიმდინარეობს, რათა არქეოლოგიური აღმოჩენა უცვლელად შემოინახოს.
პუშკინის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კიდევ ორი კვირით იქნება საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაკეტილი.