ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხი მარტო სახელმწიფოს დახმარებაზე არ იყოს დამოკიდებული და მას საკუთარი შემოსავალი გაუჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბახმაროში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივებმა ბიზნესი "გააკეთონ". "მომავალ წელს აქ იქნება მეტი სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი, რომ ბავშვები გაკაჟდნენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი წყლები გურიაში და მინერალური წყლების გარეშემო დასასვენებელი ადგილები უნდა განვავითაროთ. ბახმარო, ზაფხულის და უკვე ზამთრის კურორტი, საქართველოს სიამაყე და მშვენებაა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვფიქრობთ ხალხი როგორ დასაქმდეს. როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ მეტი შემოსავალი გაუჩნდეს. ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის არ იყოს დამოკიდებული მარტო სახელმწიფოს დახმარებაზე, მას თავისი შემოსავალი ჰქონდეს, თავისი ბიზნესი გააკეთოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის სასწაულის შესახებ, რაც აქამდე მხოლოდ გურულებმა იცოდნენ, ამიერიდან მთელს მსოფლიოს და რეგიონს ჰქონდეს წარმოდგენა.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში ახლად აშენებულ სასტუმროს ეწვია და მისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, მომავალ წელს დაბაში კიდევ 3 ახალი სასტუმრო გაიხსნება.
"ბახმაროში დიდი ტურიზმის განვითარება დაიწყო. ეს მარტო ლოკალური კურორტი აღარ იქნება. გარშემო სულ ქვაფენილიანი მოედანი გავაკეთოთ, არსად ტალახიანი გზები არ უნდა იყოს, ყველა სახლთან ასფალტით უნდა მივიდეთ და ძალიან მაღალი დონის კურორტი გამოვა. ბახმარო ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი იყო. ახლა კი ის უნდა გახდეს საერთო ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი. ესაა ამოცანა!", - აღნიშნა პრეზიდენტმა.