სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებული დავით ჭაკუა და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელიბაჩო ახალაიას კადრები არიან და სანდოობაზე ტესტი ახალაიასთან აქვთ გავლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სკაიპით ჩართვისას სკანდალური ვიდეოების გამავრცელებელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა, ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა.
"ასე, რომ არავითარი კალმახელიძე და სხვები - ახალაიაა დასაჭერი", - განაცხადა ბედუკაძემ.
ამასთან, ბედუკაძე ამბობს, რომ ბაჩო ახალაია პატიმართა "დასამუშავებლად" საპყრობილეში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდიოდა, როდესაც სერგო თეთრაძის მსგავსი ადამიანები იყვნენ "დასამუშავებლები".
ამასთან, ბედუკაძემ გარდაცვლილ სერგო თეთრაძის ოჯახს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო მოუბოდიშა და თქვა, რომ მეტ ინფორმაციას აღარ გაავრცელებს.
"ამ ოჯახს შევახსენე ის ტკივილი, რომელიც მათ განიცადეს და შეიძლება გავუმძაფრე კიდეც. ბოდიშს ვიხდი და აღარ გავავრცელებ არანაირ ინფორმაციას", - განაცხადა ბედუკაძემ.