გაზეთ "ქართული სიტყვას" ჟურნალისტის მაკა დეკანოსიძის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაზეთის ერთ-ერთმა რედაქტორმა განუცხადა, ამ დრომდე უცნობი რჩება თუ სად იმყოფება მათი ჟურნალისტი მაკა დეკანოსიძე.
მისი თქმით, გუშინ, 22:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახალგაზრდების საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ გაზეთ "ქართული სიტყვის" ჟურნალისტი მაკა დეკანოსიძე დააკავა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ბორკილები დაადეს და შს სამინისტროს ეზოში მიიყვანეს. პატრულმა შეადგინა ოქმი, თუმცა ჟურნალისტმა მასზე ხელი არ მოაწერა და შესაბამისად, არ იცის, თუ რა ეწერა ოქმში.
როგორც "ქართულ სიტყვაში" აცხადებენ, მოგვიანებით, ძალოვანებმა ჟურნალისტი სახლში მიიყვანეს და გააფრთხილეს, რომ ტელეფონი არ გამოერთო, რადგან დილით დაურეკავდნენ და სასამართლოში წაიყვანდნენ. დღეს დილით მაკა დეკანოსიძეს ძალოვანებმა მართლაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან 5 წუთში იქნებოდნენ. ამის შემდეგ ჟურნალისტმა ტელეფონი გათიშა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქცია მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი ჟურნალისტებზე ზეწოლისა და დაშინების მორიგი მცდელობაა. ამასთან, უცნობია, თუ რა ბრალდებით უპირებენ "ქართული სიტყვის" ჟურნალისტს სასამართლოს წინაშე წარდგენას. გაზეთი "ქართული სიტყვა" და მისი მთავარი რედაქტორი ჯანსუღ ჩარკვიანი ადამიანის უფლებათა დამცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს ჟურნალისტის დაცვისკენ მოუწოდებს.