როინ მიგრიაული - ნიკოლოზ ჯანჯღავა ბაჩო ახალაიას მძევლად მიიჩნევს თავს

პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ბაჩო ახალაიას მძევლად მიიჩნევს თავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანჯღავას ადვოკატმა როინ მიგრიაულმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ჯანჯღავას სამხედროებში მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი დაკავება ხელისუფლებამ პრევენციისთვის გადაწყვიტა, რათა ჯანჯღავას ჯარის პოლიტიკურ პოზიციაზე გავლენა არ მოეხდინა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, თავდაპირველად 80 დღე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, 60-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

"ჯანჯღავა მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმარია. ის ავტორიტეტული ფიგურაა ჯარში, თუმცა მოათავსეს იზოლატორში, რომ გავლენა არ მოეხდინა პროცესებზე, რითაც ხელისუფლებამ პრევენცია მოახდინა. ნიკოლოზ ჯანჯღავა აპოლიტიკური პიროვნება იყო, თუმცა ხელისუფლებამ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე იგრძნო საფრთხე", - განაცხადა როინ მიგრიაულმა.

მისი თქმით, ნიკოლოზ ჯანჯღავას დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე შეგნებულად არ ვრცელდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ჯანჯღავას ოჯახს შსს-ს მაღალჩინოსნები ემუქრებოდნენ, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავდა, ჯანჯღავას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ.

"ჩვენ ველოდებოდით პოლიტიკური ვითარების დალაგებას და ამიტომ გავახმაურეთ ინფორმაცია დღეს", - განაცხადა მიგრიაულმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავა პოლიციამ 20 აგვისტოს, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავა ბრალდებით, თითქოს ციმციმა არ ჰქონდა ჩართული, შემდეგ კი ალკოტესტზე უარი განაცხადა.

როინ მიგრიაულის განცხადებით, ნიკოლოზ ჯანჯღავას 19 ოქტომბერს გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ის პოლიტიკურ რეაბილიტაციას გეგმავს.

"ის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს, მართვის მოწმობაც 3 წლით ჩამოართვეს და ყველანაირი დევნა განახორციელეს. ის ცდილობს, რომ გათავისუფლების შემდეგ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს", - განაცხადა ადვოკატმა.

პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის