სამართალდამცველებმა პროფკავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები ემილო გუმბერიძე და მალხაზ დიასამიძე დააკავეს , - ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პირები მაშინ დააკავეს, როდესც ისინი კომპანია "ჰერკულესის" ტერიტორიაზე ინდოელი მუშებისთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ოთახებს და სამუშაო ადგილების ფოტოებს იღებდნენ, რათა დაეფიქსირებინათ არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა.
კომპანიის მფლობელმა, ინდური კომპანიის წარმომადგენლებმა და ორგანიზაციის უსაფრთხოების სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. დაკავებულები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
"ემილო გუმბერიძე და მალხაზ გოგიავა შარშან კომპანია "ჰერკულესიდან" დაითხოვეს და მაშინ 10-დღიანი ადმინისტაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. ისინი სწორედ ის პროფკავშირელი აქტივისტები არიან, რომლებიც 2011 წლის სექტემბრიდან პროფკავშირულ ორგანიზაციას იატაკქვეშეთში ინარჩუნებდნენ. ჰერკულესში პროფკავშირები კვლავ გააქტურდნენ და კვლავ მართავენ მოლაპარაკებებს ინდოელ დამსაქმებელთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაატა ჩხენკელთან. მოლაპარაკების მიზანი, დასაქმებულთა ნორმალური სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა და პროფკავშირების აქტივისტების დევნის შეწყვეტაა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საზოგადოებას, ქუთაისელ მეტალურგებს სოლიდარობა გამოუცხადოს", - აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.