საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია ყოფილ მთავრობას საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"მოგახსენებთ, რომ "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია"(სსსფ) დაარსდა 2009 წელს, 2010 წლიდან გახლავთ "საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის" FIA-ს წევრი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თავად FIA არის გაეროს ეკონომიკური და სოციალური განვითარების კომისიის წევრი (ECOSOC) კონსულტაციური ხმის უფლებით. "სსსფ" დელეგირებულია FIA-დან და უფლებამოსილია ხელმძღვანელობა გაუწიოს ავტოსპორტის განვითარებას საქართველოში.
"სსსფ" დაფუძნებიდან დღემდე საქართველოში ატარებდა პროფესიონალთა და სამოყვარულო სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებას და ეწეოდა ავტოსპორტის პოპულარიზაციას. "სსსფ" საკუთარი ძალებით ცდილობდა სახსრების მოძიებას FIA-ს რეგლამენტით გათვალიწინებული სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად და წლების განმავლობაში დამახინჯებული ფორმის – შოუბიზნესად გადაქცეული ავტოსპორტის შეცვლას.
სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში ფედერაციის საქმიანობაში უკანონოდ ერეოდა და მის წინსვლას ხელს უშლიდა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ისედაც ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანებს ფედერაცია დაეტოვებინათ, რის შედეგადაც სიტუაცია გახდებოდა ადვილად სამართავი ძველი მთავრობისათვის, რაც საბოლოოდ სპორტის ამ სახეობის სრულ მონოპოლიზაციას მოიტანდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რას ვგულისხმობთ მონოპოლიზაციაში: საქართველოში გაუქმდებოდა ავტოსპორტის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებითაც სულდგმულობდა და ამაყობდა ქართული ავტოსპორტი და მხოლოდ ერთი მიმართულებაღა დარჩებოდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ხელისშემშლელი პირობებისა, "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ" შეძლო ჩაეტარებინა ეროვნული ჩემპიონატები და აღედგინა წლების განმავლობაში დაკარგული აღმოსავლეთ ევროპის თასის გათამაშების ეტაპი საავტომობილო "რალში", რომელიც საქართველოში 2005 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. სწორედ ფედერაციის დამსახურებას წარმოადგენს ის, რომ იგი უკვე დაგეგმილია 2013 წლის აგვისტოში და შეტანილია "საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის" FIA-ს კალენდარში. ასევე, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა FIA-ს სხვადასხვა პროექტზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვეულებრივ სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა ხდებოდეს.
და ბოლოს, გვსურს გითხრათ, რომ დღემდე აქტიურად ცდილობენ რიგი პიროვნებები სხვადასხვა საინფორმაციო და მედია საშუალებით საზოგადოებისა და ავტოსპორტში მოღვაწე ადამიანების შეცდომაში შეყვანას. ჩვენ გვწამს, რომ ახალი მთავრობა დადგება სიმართლის მხარეს, ყველა საკითხი იქნება გამჭვირვალე, დემოკრატიული და არაპოლიტიზირებული.
ასევე "სსსფ"-მ უკვე მიმართა საქმის ვითარების შესახებ მის ზემდგომ ორგანიზაციას, FIA-ს, საიდანაც მიიღო სრული მხარდაჭერა და FIA მზად არის საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავად მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა აღმოიფხვრას "სსსფ"-ის, როგორც მისი ოფიციალური წარმომადგენელის მიმართ განხორციელებული არასამართლიანი ქმედებები", -ნათქვამია განცხადებაში.