"უფლებამდაცველთა გაერთიანებამ" და სიმონ კილაძემ ვანო მერაბიშვილისა და გიორგი არველაძის დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოითხოვს აუცილებლად გადაიხედოს საქმე და დაისაჯონ დამნაშავეები.
"მოვითხოვ მოხდეს ჩემი რეაბილიტაცია, როგორც უკანონოდ გასამართლებული პირისა და დასჯილი იყოს საქმის დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და უშუალო შემსრულებლები – კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტი და გიორგი არველაძე", - აღნიშნა სიმონ კილაძემ.
როგორც "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკვეთით აბსურდული, ჯაშუშობისა და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე, თითქოს ის უცხოურ სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლეობის შემცველ ინფორმაციას აწვდიდა.
"შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილის მითითებით, კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტის მხრიდან სიმონ კილაძეზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა, რომ თუ ის არ აღიარებდა დანაშაულს, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდა. კილაძის მიმართ ბინძურ პროვოკაციაში მნიშვნელოვანი წვლილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემაც შეიტანა. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, ზეწოლისა და ოჯახის განადგურების თავიდან ასაცილებლად დანაშაული ეღიარებინა. ამის შემდეგ მას ერთწლიანი პატიმრობა და 5 წელი პირობით მსჯავრი დაედო", - განაცხადა მჟავანაძემ.