იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მთავარ პროკურატურაში კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების 7 თანამშრომლის დაკითხვა მიმდინარეობს .
წულუკიანი საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ 7-ვე პირი ამ ეტაპზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული.
"7 პირი დაკითხვაზე მოწმის სტატუსითაა დაბარებული და ბოლო ინფორმაციით, მათთვის სტატუსი ჯერ არაა შეცვლილი. ის, თუ რა საკითხზე იკითხებიან, გამოძიების ინტერესები მავალდებულებს, რომ ამაზე არ ვისაუბრო. ჩვენებების ჩამორთმევა ბოლო ეტაპზეა, ამის შემდეგ ის გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის უნდა შეჯერდეს, რათა შეფასდეს, ამ ადამიანებს აქვთ თუ არა ჩადენილი რაიმე დანაშაული", - აღნიშნა წულუკიანმა "მაესტროსთან" საუბარში.
მისივე ინფორმაციით, კუდი-სა და სოდ-ის მაღალჩინოსნების პროკურატურაში დაბარება იმ ეპოზოდებს არ უკავშირდება, რის გამოც ბაჩო ახალაიას და გიორგი კალანდაძის დაკავება მოხდა.
დაკითხვაზე მყოფი 7 პირიდან ორის ვინაობა ცნობილია. ისენი გიორგი ყავლაშვილი და ლევან ქარდავა არიან.