თბილისში, დღეს რუსული კინოს მესამე ფესტივალი ანდრეი ბროშკინის გახმაურებული ფილმით "ურდო" გაიხსნება და 25 ნოემბერს დასრულდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდი და საპროდიუსერო ცენტრი "კინოპროცესი".
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს თანამედროვე რუსული კინოს 30-მდე უახლეს ნამუშევარს მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების სახით. მათ შორის არის საერთაშორისო კინოფესტივალების მონაწილე დაჯილდოების მფლობელი ფილმები.
ფესტივალს დაესწრებიან ცნობილი კინორეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები და კრიტიკოსები - ალექსანდრე ბალაბანოვი, ანდრეი ბროშკინი, ვადიმ აბდრაშიტოვი, პაველ კოსტომაროვი, რომან პრიგუნოვი, ვასილ სიგარევი, ფლავა როსი, სერგეი სელიანოვი, ირაკლი კვირიკაძე, ანა მიხალკოვა, ანა ტროიანოვა, კირილ პირაგოვი.
ფესტივალის პროგრამით დაგეგმილია ალექსანდრე ბალაბანოვის ფილმების რეტროსპექტივა და პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოებიდან 100 წლის იუბილის აღნიშვნა.
ტრადიციისამებრ, კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრიზის გადაცემის ცერემონიალი შედგება, რისთვისაც თბილისში რეჟისორი ანა სურიკოვა აპირებს ჩამოსვლას. სწორედ სურიკოვამ გადაიღო ბოლოს სოფიკო ჭიაურელი კინოში და დაჯილდოების ცერემონიალიც სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.
რუსული კინოს ფესტივალის პრეზიდენტია ელდარ რიაზანოვი; 2012 წელი რეჟისორისთვის საიუბილეოა, მას 85 წელი უსრულდება.