გენერალი გიორგი ვაშაკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ბარამიძეს წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს , - ამის შესახებ გენერალ გიორგი ვაშაკიძის ადვოკატმა გია დარჩიამ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გია ბარამიძემ განსაკუთრებული სისასტიკით დაგეგმა გენერალ ვაშაკიძისა და მისი მეგობრების ელდარ გოგბერაშვილისა და ბენიამინ სანებლიძის დაკავება, გატაცება და წამება. ადვოკატის განმარტებით, დაკავებას წინ უძღოდა პოლიტიკური მოტივები, თითქოს გიორგი ვაშაკიძე იგორ გიორგაძესთან ერთად, "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისულების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას აპირებდა.
"2004 წლის 9 იანვარს, ღამის საათებში გიორგი ვაშაკიძე მის მეგობართან ერთად დააკავეს ვაჟა ფშაველას გამზირზე, ჩაუდეს იარაღი. თანამშრომლებმა დაუწყეს სასტიკი ცემა დაკავებულებს. შემდგომ კი, ნაცვლად დროებითი მოთავსების იზოლატორისა, გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მათი წამება და არაადამიანური მოპყრობა გაგრძელდა. აღნიშნულს ესწრებოდა გიორგი ბარამიძე და თვითონაც იღებდა მონაწილეობას წამებაში. ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში", - აღმიშნა დარჩიამ.
მისივე თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, თუ როგორი სიხარულით აცნობა მიხეილ სააკაშვილს გია ბარამიძემ, რომ მან გენერალი ვაშაკიძე დააკავა. ადვოკატის განმარტებით, პრეზიდენტმა მეორე დღესვე გააკეთა სატელევიზიო განცხადება, რომ დაკავებულ იქნა იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი, რომელიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდა. გია დარჩიას თქმით, სასაფლაოს შემდეგ წამება თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორში გაგრძელდა, სადაც ასევე წამებაში მონაწილეობდა გიორგი ბარამიძე.
"წამების მეთოდები იყო მრავალფეროვანი, როგორიცაა დენზე მიერთება, დახრჩობის იმიტაცია, ძელზე ჩამოკიდება და ა.შ. მოთხოვნა იყო, რომ მომხდარიყო აღიარება არარსებული დანაშაულისა. იყო შეთავაზება, რომ აღიარების შემთხვევაში თვითონ უზრუნველყოფდნენ იარაღისა და სხვა მტკიცებულებების შექმნას ჩვენების დამაჯერებლობის გასამყარებლად", - განმარტა ბარამიამ.
მისივე თქმით, დაკავებულს პირველად იგორ გიორგაძესთან კავშირის აღიარებას, ხოლო მოგვიანებით კახი კალაძის ძმის გატაცებაში მონაწილეობას სთხოვდნენ. საბოლოოდ კი გენერალი "გაერთიანებული ქართული ბანკის" დამფუძნებლის, თამაზ მაღლაკელიძის გატაცების ბრალდებით გაასამართლეს.
ადვოკატის განმარტებით, დროებით იზოლატორში დაკავებულები ამერიკის კონსულმა მოინახულა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიც მოხვდა. გიორგი ვაშაკიძის ადვოკატის თქმით, საქმე სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში განსახილველად არის გაგზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, გენერალ ვაშაკიძის ოჯახი უახლოეს დღეებში მთავარ პროკურატურას ვიცე-სპიკერ გია ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.
გიორგი ვაშაკიძე ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე 9 წელია რაც სასჯელს იხდის. ადვოკატის განმარტებით, სასჯელის სრულ მოხდამდე მას თვენახევარი დარჩა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"