სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრის მოხსნა ყველა მსჯავრდებულს ვერ შეეხება. სამინისტროს ამასთან დაკავშირებით "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ განუცხადა, ამნისტია პირობით მსჯავრს პირდაპირ ვერ შეეხება და მისი ამოქმედება მხოლოდ და მხოლოდ სასჯელთან მიმართებაში ხდება.
ამასთან, გიორგაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ "ამნისტიის შესახებ" პროექტი ამ დროისთვის არსებული ვერსიით დამტკიცდება და სასჯელისგან ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული ის პირები გათავისუფლებიან, რომელთა ქმედებას სიცოცხლის მოსპობა არ მოჰყვა, პირობითი მსჯავრი დაახლოებით 22 ათასს პრობაციონერს მოეხსნება.
"ამნისტიის პრინციპიდან გამომდინარე, ის პირობით მსჯავრს პირდაპირ ვერ შეეხება. კანონში ვერ ჩაიწერება, რომ პირობითი მსჯავრი პირობით მსჯავრდებულებს უნდა მოეხსნათ, მაგრამ თუ ვინმეს სასჯელი მოეხსნება და თან ეს სასჯელი პირობითაც არის დანიშნული, ის პრობაციონერებსაც მოეხსნებათ. ასეთი კი, დაახლოებით 22 ათასი ადამიანია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამნისტიის მიღმა პირობითმსჯავრმოუხსნელი დარჩებიან, სამინისტროში შესაბამისი კომისია მოქმედებს და ვისაც პირობითი მსჯავრის მოხსნა ეკუთვნის: - ვინც რეჟიმს იცავს, ვისაც დადებითი დახასიათება აქვს და ვისზეც სახელმწიფო ფიქრობს, რომ მასთან მიმართებაში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი მინიმალიზირებულია, კომისიის მეშვეობით პირობითი მსჯავრი მოეხსნებათ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიგა გიორგაძემ.
ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციას გიორგაძე პარლამენტში ხვალისთვის წარადგენს. მისი ინფორმაციით, სწორედ ხვალისთვის არის დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
ცნობისთვის, პირობითი სასჯელისგან უკლებლივ ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას არც იუსტიციის სამინისტრო იზიარებს და პარლამენტს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინებას ურჩევს.