ყვარელში საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი გაიხსნა. ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი უცხოელ და ქართველ დამთვალიერებლებს უკვე ყვარელში უმასპინძლებს. იქ ჩასულ სტუმრებს ფულის ისტორიის გაცნობისა და უნიკალური ექსპონატების ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
მუზეუმის გახსნას კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი დაესწრნენ.
"ყვარელი ის ადგილია, სადაც დიდი ილია ჭავჭავაძე დაიბადა. ილიას სახელი სხვა მამულიშვილურ საქმეებთან ერთად, საქართველოში საბანკო საქმიანობის ტრადიციის დამკვიდრებას უკავშირდება. მუზეუმში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის ქუჩაზე ტურიზმის შენობის I სართულზე განთავსდა და ვიზიტორებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18.00 საათამდე მოემსახურება.