პრემიერ-მინისტრთან საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი იქმნება, რომელსაც სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ჩაიბარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორგილაძემ განუცხადა, დეპარტამენტი ამჟამად ფორმირების სტადიაშია და ჯერ ოფიციალურად არ შექმნილა, თუმცა მისი ჩამოყალიბების ინიციატივა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
რაც შეეხება ფუნქციებს, გორგილაძის განმარტებით, დეპარტამენტს სოციალური ქსელების, მასმედიისა და სხვადასხვა აქციების მეშვეობით საზოგადოებასთან ინტენსიური ურთიერთობა ექნება.
"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი იქნება პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენება და მით უფრო თვითპიარი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება გასაგები, მარტივი გზავნილები და საუბარი საზოგადოებასთან იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ", - განაცხადა გორგილაძემ.
მისივე ინფორმაციით, დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზეც, თუმცა ამავდროულად მათთან ინტენსიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
"ჩვენ მოვახდენთ მათ ინფორმირებას. ისინი ინფორმაციას მიიღებენ პირველწყაროდან და ეს იქნება ინფორმაცია, რომელიც ასახავს რეალობას, ობიექტურ ვითარებას და არა ვირტუალურ კატასტროფას, რომელსაც ხატავს ერთ-ერთი ძალა თავისი ლობისტების მეშვეობით", - აღნიშნა გორგილაძემ.
მისივე ინფორმაციით, დეპარტამენტი თანამშრომლებით ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა მის წევრებად კვალიფიციური ფსიქოლოგები, კონფლიქტოლოგები თუ სოციოლოგები მოიაზრებიან.