გიორგი ხუციშვილი - გაუგებარია, შსს-ში გადაბარების პროცესი სრული სახით ვერ მოხერხდა, თუ ჯერ არ დასრულებულა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ხუციშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა და კოორდინირებისკენ მოუწოდა. "კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებელად კეთდება. მგონი, ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს". რას შეიძლება ნიშნავდეს და უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან უმრავლესობისადმი შენიშვნა?

- ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, რომელიც ალბათ ამ კითხვაზე პასუხის შემცველ ინფორმაციასაც შეიცავდა. პრემიერ-მინისტრს რომ ეს საკითხი სერიოზულად არ აწუხებდეს, ამაზე საჯაროდ განცხადებას არც გააკეთებდა. ეტყობა, გარკვეულ საკითხებზე სერიოზული შეუთანხმებლობა საპარლამენტო უმრავლესობასა და არა მხოლოდ მთავრობას შორის, არამედ მთავრობაშიც არსებობს. უმცირესობასთან დაპირისპირებამ პრემიერ-მინისტრს დაანახა, რომ ახალი ხელისუფლება გუნდის შიგნით უფრო კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს. შესაძლოა, არსებულ ვითარებაში ივანიშვილმა გარკვეული საფრთხეც კი დაინახა და გადაწყვიტა, გუნდის შიგნით კოორდინირება გააძლიეროს. მის განცხადებაში ისიც იკითხება, რომ ახალ ხელისუფლებას არ სჭირდება ისეთ ერთ ხმაში საუბარი, როგორც "ნაცმოძრაობას", მაგრამ ფაქტია, რომ მან ახალ ხელისუფლებაში მოქმედების კოორდინაციის საჭიროება დაინახა.

- "რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკის დღის წესრიგს ივანიშვილი აყალიბებსო. მაგრამ, აშკარაა, რომ საინფორმაციო სივრცეში დღის წესრიგს არა ახალი ხელისუფლება, არამედ კვლავ "ნაცმოძრაობა" აყალიბებს. . .

- ჰო, პრესის ანალიზიდან ასე გამოიყურება, რომ დღის წესრიგს უმცირესობა აყალიბებს. უმცირესობა ქვეყნის შიგნით აქტიურობს და უფრო მეტად - ქვეყნის გარეთ. უმცირესობა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს ახალი ხელისუფლების ყველა უნებლიე შეცდომაც კი. უმცირესობა ცდილობს, ახალი ხელისუფლება ბევრ საკითხში ჩამოუყალიბებელ ძალად წარმოაჩინოს. მათი გათვლა და სტრატეგია ასეთია - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დროებითაა. სწორედ ამის კარგი მაგალითი იყო შსს-დან გამოსული მერაბიშვილის განცხადება, რომ "ნაცმოძრაობა" გააგრძელებს ქვეყნის მშენებლობასა და რეფორმებს, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი და ასე შემდეგ. მერაბიშვილი ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ისინი ის ძალა კი არ არიან, რომლებმაც არჩევნები წააგეს, არამედ თითქოს "ნაცმოძრაობა" ახლაც მართავს ქვეყანას. უმცირესობა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ "ნაცმოძრაობა" ხალხის მხარდაჭერით ხელისუფლებაში მალე დაბრუნდება.

- მაპ-ი ხელიდან გაშვებული შანსი, თუ ახალი მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობა? პრეზიდენტმა განაცხადა - "არჩევნების შემდეგ საქართველოს მაპ-ის მიღების შანსი ჰქონდა, მაგარი არჩევნები ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო თვეების მოვლენებმა, ამას ვამბობ დიდი დანანებით, ამ ეტაპზე ამის საშუალება არ მოგვეცა. ბრიუსელის შეხვედრამ ისე ჩაიარა პრაქტიკულად ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია. ეს გამოსწორებადია თუ შიდა პოლიტიკაში რაღაცეებს გადავხედავთ". წარმოუდგენელია, პრეზიდენტმა არ იცოდეს, რომ მაპ-ის მიღებამდე საქართველოს ჯერ საკმაო გზა გვაქვს გასავლელი, აშკარაა, რომ იგი ერთი მხრივ მაპ-ის მიუღებლობაში ახალ ხელისუფლებას ადანაშაულებს და მეორე მხრივ ივანიშვილს, პირდაპირ თუ ირიბად ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებების შეჩერებას სთავაზობს. . .. სწორად გავიგეთ პრეზიდენტის გზავნილები?

- რა თქმა უნდა. პრეზიდენტის ინტერესშია გარე ფაქტორების იმისათვის ამოქმედება, რომ უმრავლესობის მოქმედება უფრო მოზომილი იყოს და ფრთხილი გახადოს. სააკაშვილი დაინტერესებულია, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს დაკავევები, გამოძიებები და სასამართლო პროცესები არ შეეხოთ. იგი ამ გზავნილს ივანიშვილსა და საზოგადოებას ბრიუსელიდან, ვარშავიდან და ლონდონიდან აწვდის.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილს ბრიტანულ "ფაინენშიალ ტაიმსის" საშუალებით შეხვედრისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. რა უნდა ვიფიქროთ, პრეზიდენტს პრემიერთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს, თუ დასაველეთს უნდა დაანახოს, რომ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სურს, მაგრამ საქართველოს ახალი მთავრობა კოჰაბიტაციაზე უარს ამბობს?

- უფრო ბოლო ვარიანტია. როცა მე პირველად ბრიტანულ გაზეთში ეს სტატია წავიკითხე, გავიფიქრე - "საკაშვილმა ივანიშვილს ისევ დაასწრო." დასავლეთმა არა ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მეტი კომუნიკაცია იყოს და ისინი ამაში ხედვენ კოჰაბიტაციის გადარჩენის მოდელს. ამაში კი პირველი ნაბიჯი პრეზიდენტმა გადადგა. მან ამ განცხადებით დასვლეთის თვალში კიდევ ჩაიწერა ქულები.

- პარლამენტის მიერ მიღებულმა დადგენილებამ "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც თავად დადგენილების, ისე პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილთა სიაში მოხვედრილთა გამო. უმრავლესობის განმარტებით, პარლამენტის სიაში მოხვედრილთა ბრალეულობის საკითხი არ განუხილავს, ვინაიდან პარლამენტი პროკურატურა არაა, პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური ამნისტია, რაც ბრალეულობაში დადანაშაულებულ პირთა პატიებას ნიშნავს და არა - მათ გამართლებას. რამდენად შეუწყობს ხელს ამნისტია ახალი ხელისუფლების მხრიდან დაპირებულ "სამართლიანობასა და პროცედურული დემოკრატიის" დამკვიდრებას? და კიდევ, რამდენად სწორად მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია მოსალოდნელი ამინისტიის შესახებ?

- უმრავლესიბისა და უმცირესობის მოქმედებები გარდუვალ კოლიზიებს ქმნის და, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ხდება შეუძლებელი კოლიზიების თავიდან აცილება. რა თქმა უნდა, უმრავლესობის ქმედებაში შეიმჩნევა მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიანიჭოს პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსი, რომ შემდეგ დასავლეთისთვის თვალსაჩინო გახადოს წინა ხელისუფლების დანაშაული. უმცირესობის ინტერესი პირიქით, იმაშია, რომ სია რაც შეიძლება მცირე იყოს, რომ შემდეგ მას ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ამგვარი დაკავებები ყველა ქვეყანაში ხდება და, საერთოდ, ეჭვის ქვეშ დააყენოს მათი პოლიტიკური ნიშნით დაკავება. ორივე მხარის ორი მოტივი არსებობს, მაგრამ ეს ის თემაა, რომელშიც ყველაზე უმთავრესია, რამდენად დასაბუთებული იქნება დაკავების პოლიტიკური მიზეზი. ანუ, ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ესა თუ ის პიროვნება ამნისტირებულთა სიაში.

ამ თემაზე საუბრისას ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტპატიმართა სია და ამნისტირებულთა სია. ამნისტირება, ახალი ხელისუფლების მიერ აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო, ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში იმის გამო კი არ გაიმარჯვა, რომ ხალხს ჰქონდა იმის მოლოდინი, მდიდარი ივანიშვილი მათ უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხმა წინა ხელისუფლებას უსამართლობის გამო უნდობლობა გამოუცხადა.

სწორედ ამიტომაც იყო, რომ ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი გახდა სამართლიანობის აღდგენა. ახალ ხელისუფლებას ფართომასშტაბიან ამინისტიაზე რომ არ ემუშავა, შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ამინისტია განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს არ ეხება. ვისაც შეეხო, იმათაც გააფრთხილებენ, რომ თუ ამნისტიის შემდეგ რაიმეს ჩაიდენენ, მათთვის სასჯელი დამამძიმელი გარემოებებით იქნება გამოტანილი და ციხეში ხელახლა მოხვდებიან.

ახალი ხელისუფლების სუსტ წერტილად კვლავ საზოგადოებასთან ცუდი კომუნიკაცია რჩება. ხელისუფლება აუცილებლად უნდა სწავლობდეს საზოგადოებაში განწყობებსა და მოლოდინებს და თავის საინფორმაციო პოლიტიკას ამის შესაბამისად აგებდეს. ამას კი ჯერ ჯერობით ახალ ხელისუფლებაში მე ვერ ვხედავ.

- ნიგვზიანსა და წინწყაროში რელიგიურ დაპირისპირებას "ქართველ მუსულმანთა კავშირის მხრიდან" საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადების გავრცელება მოჰყვა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი გამოეხმაურა - "რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად". ჩვენმა ჟურნალისტმა, რომელიც წინწყაროში იმყოფებოდა, მოგვითხრო, რომ ვინც წინწყაროში ერთმანეთს ყველაზე აქტიურად უპირისპირებოდნენ, ადგილობრივები არ იყვნენ და ერთმანეთს არც იცნობდნენ. . .

- რელიგიური დაპირისპირების ნიშნებს ჩვენში მრავალი წლების მანძილზე ვაკვირდები. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ თვალსაზრისით, არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული პრობლემა. ისტორიულად, საქართველოში რელიგიურ საფუძველზე შიდა დაპირისპირება არასოდეს არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენში გარკვეული ჰომოფობიური მომენტები არსებობს. არსებობენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც სიტუაციის გამოყენებას და დაპირისპირების გაღვივებას ცდილობენ. იმედი მაქვს, რომ ამჯერად ხელისუფლება ჭკვიანურ პოლიტიკას შეიმუშავებს და რელიგიური დაპირისპირებით დაინტერესებულ ჯგუფებს მიზნის მიღწევის საშუალებას არ მისცემს. უნდა გვესმდეს, რომ ნებისმიერი რელიგიური ნიშნით დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო იქნება.

- გაყალბებულ პასპორტთან დაკავშირებით შსს-ში დაკითხვიდან გამოსულმა ექსპრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა - "ხელისუფლების მიზანია "ნაცმოძრაობას", როგორც პარტიას, არ ჰქონდეს საშუალება ამ ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელოს". ფაქტია, რომ მერაბიშვილმა გაყალბებულ პასპორტზე კონკრეტულ განმარტებას პოლიტიკური განცხადების გაკეთება ამჯობინა, მაგრამ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მერაბიშვილის მხრიდან შსს-თან თანამშრომლობაზე უარს, ხოლო მეორე მხრივ - განცხადებას?

- ამ ფაქტზე დასავლეთში დაახლოებით ასეთი გამოხმაურება იყო - რა მოხდა ისეთი, თუ შსს-ს ხელმძღვანელს აღმოაჩნდა სხვა პიროვნებაზე პასპორტი. შესაძლოა, ეს მას სპეცხასიათის გარემოებებისთვის სჭირდებოდეს და თავისთავად ასეთი პასპორტის არსებობა ხმაურის საფუძველი არ შეიძლება იყოს და არც უნდა ხმაურდებოდეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. პოლიტიკური პასუხიმგებლობის მქონე უწყების ხელმძღვანელი არ შეიძლება აღმოჩნდეს აგენტის როლში, რომელსაც უხდება სხვადასხვა პასპორტის გამოყენება. ანუ, მინისტრის სპეცოპერაციაში მონაწილეობა წარმოუდგენელია.

- მაშინ, ჩნდება სხვა სახის კითხვა - ირაკლი ღარიბაშვილმა შსს გადაიბარა თუ არა? თუ სრულად გადაიბარა, ლოგიკით, იგი სპეცოპერაციებში მონაწილეობისთვის გაყალბებული პასპორტების შესახებაც ინფორმაციას უნდა ფლობდეს?

- ეს ტექნიკური მომენტია, რომელიც საქმეების გადაბარებისას უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გაუგებარია, შსს-ში გადაბარების პროცესი სრული სახით ვერ მოხერხდა, თუ ჯერ არ დასრულებულა. შსს ის უწყებაა, რომელშიც ამ ტიპის შეცდომები არ უნდა ხდებოდეს.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის