რუსთავში ბრიტანულ-ინდური მინიმეტალურგიული საწარმო "ჯეოსტილის" 300-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გაფიცული მუშები დღეს დილიდან საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მემორანდუმი შეიმუშავეს და საწარმოს ინდოელ ხელმძღვანელს გადასცეს.
გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მანამდე არ აპირებენ, სანამ დირექცია ხელფასების გაზრდაზე თანხმობას არ მისცემს.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ "ჯეოსტილის" ინდოელი ხელმძღვანელობა გაფიცული ადგილობრივი მუშების ნაცვლად საწარმოში დასაქმებულ ინდოელებს 24-საათიანი გრაფიკით ამუშავებს. ალანია აცხადებს, რომ ამ ზომას "ჯეოსტილის ხელმძღვანელობამ საწარმოს გაჩერების თავიდან არიდების მიზნით მიმართა. მისი თქმით, სახეზეა ტრეფიკინგი, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ალანია ქარხნის დირექტორისგან საჯიფ ბიჰარისგან საწარმოში დასაქმებული ადგილობრივი მუშახელის ხელფასების გაზრდას მოითხოვს.