ნოტარიუს ნინო გინტურის და მასთან ერთად ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ზაზა ქიქავას წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შევიდა. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საჩივარი ამხანაგობა "ალიანსი 2001" თავმჯდომარეს ზვიად ზაქაიძეს ეკუთვნის, რომელიც გინტურსა და ქიქავას თაღლითობასა და გამოძალვაში და ამ გზით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს.
ზაქაიძის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით, ფორ.გე-ს პრესკლუბში, დღეს მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ისაუბრა. კერძოდ, ხაჭაპურიძის განცხადებით, ზვიად ზაქაიძის ამხანაგობა ნოტარიუს გინტურთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობის ფორმატში გინტურმა ალექსიძის ქუჩაზე მდებარე 110 კვ.მ. ბინა საკუთარი ძმის ცოლის სახელზე გაიფორმა, თანხის ეტაპობრივად გადახდის პირობით. თუმცა, მან მოგვიანებით თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდ კი საქმეში მისივე ნათესავი, პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა ქიქავა ჩაერთო.
როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხსენებული 110 კვ. ბინის გადაფორმებასთან დაკავშირებით მუქარას; მოგვიანებით, ასევე დააკავეს ზვიად ზაქაიძის შვილის ახლო მეგობარი ლაშა სიგუა, ყალბი ბრალდებით, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას უკავშირდებოდა.
ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანს წარმოადგენდა ქონების უკანონოდ მითვისება გინტურისა და ქიქავას მხრიდან. ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, მოითხოვენ, რომ მთავარმა პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება თაღლითობას, გამოძალვას და ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მიტაცების ფაქტს.
გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ნოტარიუსი გინტურის სხვა დანაშაულების შესახებაც არის მისთვის ცნობილი. კერძოდ, გინტურის უკანონო ქმედებები იკვეთება, - ამხანაგობა "გოგებაშვილი 34" დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომელზეც არსებობს ყალბი ხელმოწერა; ამ დოკუმენტის საფუძველზე კი "პროკრედიტ ბანკიდან" მოხდა 700 000 აშშ დოლარის გატანა.
ასევე, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი კოტე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლესთან ბესარიონ ალავიძესთან დაკავშირებით, ცრუ დოკუმენტაციის წარდგენაში დაადანაშაულა.
როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, ბესარიონ ალავიძე ჯერ სააპელაციო სასამართლოში, ახლა კი უზენაესში მოსამართლის პოსტზე საქმიანობს, თუმცა მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული არ აქვს. პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტიდან მიღებული ცნობები წარუდგინა, რომლის თანახმადაც ადვოკატის თქმით, დასტურდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას ე.წ. მეორადი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რაც, მისივე განცხადებით იმას, ნიშნავს, რომ ბესარიონ ალავიძეს მოსამართლედ დანიშვნისთვის საჭირო კვალიფიკაცია და ხარისხი არ გააჩნია.
"როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა პრეზიდენტს ცრუ დოკუმენტები წარუდგინა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით, თითქოს მას დამთავრებული აქვს იურიდიული ფაკულტეტი. ამ საქმის დამტკიცების შემთხვევაში უნდა გაუქმდეს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ბესარიონ ალავიძემ მოსამართლის რანგში მიიღო", - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.