ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური დარბაზის მმართველის, როზა დვალიშვილის განმარტებით , თეატრში მსახიობების შიდა მოსმენა ხელფასების დიფერენცირების მიზნით ჩატარდა.
როგორც როზა დვალიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, შიდა მოსმენის შემდეგ მსახიობების ნაწილს შესაძლოა ხელფასი მოემატოს ან დააკლდეს.
"როდესაც წლის ბოლოს მთავრდება ხელშეკრულებები, ვაკეთებთ შიდა მოსმენებს. 3-4-მა ადამიანმა, მისი ბეგრაუნდიდან გამომდინარე, თვითონაც იცოდა, რომ ვერ მოხვდებოდნენ სტაფში და დააპირეს ხალხის აყოლიება, მაგრამ დღეს ჩატარდა მოსმენა ხელფასების გადანაწილების მიზნით. ვიღაცამ შეიძლება მეტი აიღოს ხელფასი, ვიღაცას ნაკლები დაენიშნოს, ამას გადაწყვეტს კომისია", - განმარტა დვალიშვილმა. მისივე თქმით, კომისიის გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობები ხელფასების მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, "სამარცხვინო, დამამცირებელი ხელფასები აქვთ".