ბათუმის სანაპიროსთან მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მეთევზეებმა განმარტეს, სანაპირო დაცვამ ფსკერული ტრალის მქონე გემებს თევზაობა აუკრძალა. მათი თქმით, თუ რის საფუძველზე მოხდა თევზაობის აკრძალვა, გაურკვეველია. მეთევზეები სანაპირო დაცვას აკრძალვის შესახებ დადგენილების წარმოდგენას სთხოვენ.
"გუშინ, როცა გავიდნენ გემები სათევზაოდ, სანაპირო დაცვამ უთხრა, რომ აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ და დაეტოვებინათ რაიონი. 3 მილის მანძილზე იყო დაშვებული თევზაობა და ახლა ესეც დაკეტეს. ძალიან მცირე ნაწილი დარჩა ფსკერული ტრალით მუშაობისთვის. ვფიქრობ, ზღვაში გასვლას აზრი აღარ აქვს, მოვა დრო და ნაპირზე ამოვიყვანთ გემებს", - აღნიშნა მეზღვაურმა რეზო ნაკაშიძემ.
საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე დავით ნიკურაძის განმარტებით, 300-მდე მეზღვაური უმუშევარი რჩება. როგორც ნიკურაძემ აღნიშნა, მიზეზი, რომ მეორე მსოფლიო ომის ნარჩენები მეზღვაურების უსაფრთხოებისთვის საშიშა, უსაფუძვლოა.
"სანაპირო დაცვამ მეთევზე მეზღვაურებს აუკრძალა თევზჭერა, პრაქტიკულად, ბათუმის აკვატორიაში, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ნარჩენებია ჩაყრილი. აქედან გამომდინარე ზოლები გადაკეტილია და თევზჭერა კვდება. 300 მეთევზე უმუშევარი რჩება. ვეუბნებით გვაჩვენონ დადგენილება, რომლის საფუძველზეც ეს აკრძალვა მოქმედებს, მაგრამ არ აქვთ", - განაცხადა დავით ნიკურაძემ.
როგორც სანაპირო დაცვის ბათუმის მეორე სამმართველოს უფროსმა იური პოლგორელსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფსკერული ტრალების მქონე გემებისთვსის თევზჭერის აკრძალვა პრეზიდენტის 2007 წლის დადგენილების საფუძველზე მეთევზეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს.
"2007 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებიდან გამომდინარე, აღნიშნულ რაიონში ფსკერული ტრალით თევზაობა აკრძალულია. ასევე, ღუზაზე დგომაც აკრძალულია. ნაოსნობა და სხვა სახის ტრალებით დაშვებულია თევზაობა, გარდა ფსკერული ტრალისა. მეთევზეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება ეს შეზღუდვა", - განაცხადა იური პოლგორელსკიმ. თუმცა, მეთევზეების თქმით, აქამდე რეალურად ამ კანონის გამო მათ შეზღუდვები არ ჰქონიათ.