14-პუნქტიანი დოკუმენტის მეცხრე პუნქტი კონკრეტულ საფრთხეებს შეიცავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" ხელმძღვანელმა ნინო ლაპიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე განმარტებით, დებულება იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრობლემა, ქვეყანას 90-იან წლებში აბრუნებს.
"იმ სიტუაციაში, როცა საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს უამრავი გამოწვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შემუშავდეს პრონციპები და დებულებები, რომლებიც მტკიცედ და მკაფიოდ დააფიქსირებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამ ვითარებაში ნამდვილად სადაოა დებულება, რომლის შინაარსიც გვამცნობს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიეთობებში. ამ კონკრეტულ განცხადებაში კონკრეტული საფრთხეები არსებობს, რადგან რუსეთი ყოველთვის ცდილობდა დამარტოხელებას საქართველოს ბნელ კუთხეებში. ეს განცხადება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ვბრუნდებით 90-იან წლებში, როცა საქართველო და რუსეთი პირდაპირ არჩევდნენ მათ შორის ურთიერთობებს და ყოველთვის ძლიერი იმარჯვებდა", - განაცხადა ნინო ლაპიაშვილმა.
მისივე განმარტებით, პირიქით საქართველომ არა თუ უარი უნდა თქვას ამ პროცესში დასავლეთის მონაწილეობაზე, არამედ მისი ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდოს.
"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რაც გასული 9 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ და ეს უპირატესობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა", - აღნიშნა ლაპიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის პარტიის ოფისში შეხვედრა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს.