იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია მცხეთის იუსტიციის სახლის დემონტაჟის მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის მშენებლობა მცხეთაში უახლოეს ხანებში განახლდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. მათივე ცნობით, 2013 წელს დასრულდება, აგრეთვე, იუსტიციის სახლების მშენებლობა ლაგოდეხსა და ზუგდიდში.
იუსტიციის სახლი სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს 300-ზე მეტი სახის მომსახურება. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ლოდინის საშუალო დრო ორმოცდახუთი წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხისა და მესტიის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 20 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებს.
2012 წელს, იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზეპრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა.