პრობლემა თუ სასარგებლო რეფორმა – საქართველოში შესაძლოა სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს

სათამაშო ბიზნესი, რომლის მთავარი ხიბლი იღბალი და გამართლებაა, თავისივე კანონზომიერების წინაშე დგას.  ახლო მომავალში შედეგიც შესაძლოა ზუსტად ისეთი დაუდგეს , როგორიც რისკისა და თამაშის მოყვარულებისთვის უცხო არ არის - ყველაფერი ან არაფერი. ამ შემთხვევაში "სათამაშო მაგიდა" საქართველოს პარლამენტი იქნება.

პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანო სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის საკითხს განიხილავს. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა. იმ შემთხვევაში თუ დეპუტატები მხარს შემდგომ მოსმენებზეც დაუჭერენ ყველა სახის რეკლამა აიკრძალება.

კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ შემდგომი განხილვები უღრუბლო არ იქნება და ბოლომდე პრინციპულობის შენარჩუნებას გეგმავს. დეპუტატს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით რადიკალური მიდგომა აქვს და აცხადებს, რომ რეკლამის აკრძალვის შემდეგ პარლამენტში კანონპროექტი უკვე თამაშის სრული აკრძალვის შესახებ შევა და ეს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

უნდა იყოს დაშვებული თამაში თუ არა? ამ კითხვის პასუხი ალბათ უფრო მეორე კითხვაში უნდა ვეძებოთ – რა არის ფულზე თამაში, გართობა, თუ დამღუპველი მავნე ჩვევა? შეხედულებები ამ შემთხვევაშიც ორად იყოფა - მიზეზი მარტივია. არსებობს მოთამაშეების კატეგორია, რომელიც ფულთან და იღბალთან თამაშით სიამოვნებას რეალურად იღებს, მეორე მხრივ კი არიან ისეთებიც, რომლებიც "ცოდვილობას" თამაშს ეძახიან და რიგ შემთხვევებში სახლკარის გარეშე დარჩენილები თვითმკვლელობამდეც მიდიან. (ზუსტად ამ მიზეზით, ერთი წლის წინ გალაკტიონის ხიდის მოაჯირს მიღმა მდგარი 26 წლის ახალგაზრდა პირადად ვნახე. გადაწყვეტილება დაახლოებით ერთსაათიანი "დამუშავების" შემდეგ შეიცვალა და ერთმანეთს დავშორდით. შემდგომი დღეების განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებებს სპეციალურად ვაკვირდებოდი, საბედნიეროდ თვითმკვლელობის შესახებ არ გვსმენია).InterPressNews.Ge

არის თუ არა მართებული სრული აკრძალვა და რას შეცვლის ეს მოთამაშეებისთვის? ვიდრე ამ თემაზე დასკვნების გამოტანას დავიწყებთ, ალბათ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფულზე თამაში და მასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდეც არსებობდა, ვიდრე ქვეყანაში კაზინოები და მით უმეტეს ინტერნეტ კაზინოები გაჩნდებოდა. ალბათ, გარდაუვალია, რომ აზარტული ადამიანები ლეგალური დაწესებულებების აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და არგუმენტია, რაზეც კანონშემოქმედებს მსჯელობა აუცილებლად მოუწევთ.

ლეგალური დაწესებულებების გაუქმების შემდეგ აკრძალული თამაშების კონტროლზე პასუხისმგებლობა მთლიანად სამართალდამცავ ორგანოებს დაეკისრებათ. ნაწილობრივ სათამაშო ბიზნესის აკრძალვის მსურველების არგუმენტი არის ის, რომ სიტუაცია დღეს უფრო უკონტროლოა. თუმცა ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ი კაზინოების ხელმძღვანელები და ამის მიზეზიც აქვთ. როგორც წესი მათ დაწესებულებაში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. მათ კანონი 21 წლამდე პირების შეშვებას უკრძალავს და ეს მოთხოვნა სრულდება. ამასთან მოქმედებს სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოთამაშის ახლობლის, ან ოჯახის წევრის უკმაყოფილო მიმართვის შემთხვევაში, თუ საუბარი იქნება თამაშის გამო გამოწვეულ პრობლემებზე პირი ავტომატურად "შავდება" და მას კაზინოში თამაში ეკრძალება.

ამასთან, კაზინოები არ ეწინააღმდეგებიან რეკლამის შეზღუდვას და თანხმდებიან ასაკობრივი ცენზის გაზრდაზეც, თუმცა ბიზნესის მთლიანად აკრძალვა დაუშვებლად მიაჩნიათ. მათთვის ასევე მიუღებელია კაზინოების, როგორც მსოფილოში მიღებული სოლიდური და პრესტიჟული ბიზნესის რეპუტაციის შელახვა. კრიტიკოსებს კი ახსენებენ, რომ როგორც ქართველი მოთამაშეების, ასევე უცხოეთიდან შემოსული ტურისტების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და მათთვის თამაში არა დამღუპველი სენი, არამედ გართობის კარგი საშუალებაა. აქვე ასახელებენ ათეულობით განვითარებულ ქვეყანას სადაც თამაში - როგორც ლეგალური, პრესტიჟული ბიზნესი მიღებულია და ამ სფეროს სწორედ კაზინოები აწესრიგებენ. შედარებისთვის კი ამბობენ, რომ ისეთი ქვეყნები, სადაც თამაში აიკრძალა და პროცესმა არაოფიციალურ გარემოში გადაინაცვლა, მაგალითად აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი კორუფციის ბუდედ იქცა.

ჯერ ინტერნეტკაზინოებს საკუთარი პოზიცია ღიად არ დაუფიქსირებიათ. სავარაუდოდ, მათი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იქნება, რადგან ყველაზე მეტი კითხვის ნიშნები სწორედ ამ თავისუფალი და მარტივი სათამაშო სამყაროს მიმართ არსებობს. მიუხედავად ამისა საგულისხმოა, რომ შედეგის და თამაშზე დამოკიდებულების პრევენციის თვალსაზრისით არც ქართული ვებგვერდების აკრძალვა იქნება განსაკუთრებით ეფექტიანი. ამ შემთხვევაში მომხმარებლები მარტივად გადაინაცვლებენ უცხოურ ინტერნეტ-კაზინოებზე სადაც მარტივი საბანკო გადარიცხვებით შეძლებენ თამაშს. საბოლოდ კი გამოვა ისე, რომ უიღბლო ქართველების წაგებული ფული ევროპულ ბიზნესს წაადგება. საკითხს ბოლომდე პესიმისტურად ნუ მივუდგებით და ისაც ვთქვათ, რომ იღბლიანი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც მოგების შემთხვევაში ლარის მაგივრად ანგარიშებს ევროთი შეივსებენ.

ისევ მოგების თემას რომ მივყვეთ, შეგახსენებთ რა მოგება მოაქვს კაზინოებს სახელმწიფოსთავის. ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესი კარგი გადამხდელია და ყოველწლიურად ბიუჯეტს დაახლოებით 140 000 000 ლარით ავსებს. გარდა ამისა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობად მიიჩნევა და ამ მხრივაც დამატებითი შემოსავლები მოაქვს.

აქვს თუ არა ფულს სუნი? არასამთავრობო ორგანიზაციები და დეპუტატები რომლებიც თამაშის აკრძალვას მოითხოვენ ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი, ამავე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცრემლისა თუ სისხლის ხარჯზე არ უნდა ივსებოდეს – ანუ ნამდვილად აქვს. თუმცა შესაძლოა, უფრო ცუდი სუნი მაშინ აუვიდეს როდესაც აზარტული თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა