თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარი" და კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე" კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ღია წერილით კინოთეატრ "აპოლოს" გადარჩენას სთხოვენ.
როგორც წერილშია აღნიშნული, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კინოთეატრ "აპოლოს" განადგურება ემუქრება, ვინაიდან საუკუნეზე მეტი ხნის შენობა სახურავისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი.
როგორც წერილშია აღნიშნული, 2002 წელს კინოთეატრი "აპოლო" სს "ქართული ფილმის" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით 500000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა. ახალმა მეპატრონემ კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ შენობა გაასხვისა იმავე ფასად. კინოთეატრის მფლობელი მას შემდეგ შპს "თეატრები აპოლოა". ახალმა მეპატრონემ კინოთეატრი ვერ აამუშავა. ამასობაში ათი წელიც გავიდა და შენობა შესაძლოა გაიყიდოს.
"დღევანდელმა მფლობელებმა "აპოლო" აღადგინოს და ძველებური სილამაზეც დაუბრუნოს, მაგრამ თუ შენობამ თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა და სავაჭრო ცენტრად იქცა, ის გაქრება, როგორც კულტურის კერა და ეროვნული კინემატოგრაფის ისტორიული მეხსიერება. ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ.
დღევანდელი ქართული კინოსაზოგადოება მოწადინებულია, შეინარჩუნოს აღმაშენებლის გამზირზე არსებული უნიკალური ძეგლები, რომლებსაც ქართული და თუ გნებავთ, მსოფლიო კინოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და ერთიან კომპლექსად განიხილება. ეს გახლავთ 20-იან წლებში აშენებული პავილიონი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, კინომუზეუმი კარგარეთელის ქუჩაზე და კინოთეატრი "აპოლო". ბატონო გურამ, გთხოვთ, ყველაფერი იღონოთ ძეგლის გადასარჩენად და კულტურის მნიშვნელოვანი კერის შესანარჩუნებლად. სახელმწიფომ უნდა განიხილოს შენობის გამოსყიდვის შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ უნდა შედგეს შეხვედრა კინოთეატრის მფლობელებთან, რათა მიღებულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება",-აღნიშნულია განცხადებაში.
წერილის თანახმად, კინოთეატრი "აპოლო" ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურის, ასევე ქართული კინემატოგრაფის ისტორიისთვის. შენობა რუსი არქიტექტორის, კოლჩინის მიერ "მოდერნის" სტილში აგებული შენობა 1909 წლის 30 მარტს გაიხსნა, როგორც პირველი კინოთეატრი საქართველოში.
თავისი პირველადი დანიშნულებისთვის ამ შენობას არასდროს უღალატია. ოთხმოცი წლის მანძილზე ის ერთგულად ემსახურებოდა კინოხელოვნებას. ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მაგალითად "ბიოგრაფ თეატრი" დანიის ქალაქ კორსორში (1908) და "ჰელიოსი" პოლონეთის შცეცინში (1909).
წერილს ხელს "ტფილისის ჰამქარის" წარმომადგენელი თამარ ამაშუკელი და კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთეს" ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე აწერენ.