აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დღეს პეპლების გამოფენა გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე 300-მდე დღის და ღამის პეპელა იქნება წარმოდგენილი. აბრეშუმხვევიას პეპლების გარდა, დამთვალიერებელი თითქმის ყველა კონტინენტის პეპელას იხილავს. მუზეუმის კოლექციაში პეპლების უმრავლესობა დაახლოებით 110-130 წლისაა. ამასთან, გამოიფინება ზოგიერთი სახეობის ახალი ნიმუშებიც, რომელიც მუზეუმის თავადაპირველ კოლექციაში იყო, მაგრამ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებული არასათანადო პირობებისა და მოვლის გამო განადგურდა. ბოლო წლებში რამდენიმე ასეთი პეპელა მუზეუმმა საჩუქრად მიიღო ვალერი პეტროვისგან, რომელმაც ძველი კოლექციის პეპლებს რესტავრაცია ჩაუტარა.
მუზეუმის ინფორმაციით, დღეს მუზეუმის კოლექციაში 161 სახეობის 314 პეპელაა, აქედან 138 ეგზემპლარი აღდგენილი, ხოლო 23 – განადგურებული სახეობების ახალი ნიმუშებია.
პეპლების კოლექციასთან ერთად გამოიფინება 16 ფურცელი XIX საუკუნის ცნობილი ენტომოლოგის, ალბერტ ზეიცის (Aლბერტ შეიტზ) რარიტეტული ალბომიდან "მსოფლიოს პეპლები".
გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომლის სლოგანიც წელს არის "მუზეუმები (ხსოვნა+კრეატიულობა) = სოციალური ცვლილება". გამოფენა მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდება, ვინაიდან პეპლებს დღის შუქი აზიანებს.
გამოფენის პარალელურად ბავშვებისათვის სწავლებები გაიმართება. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში აბრეშუმის მუზეუმი მნახველებს სხვა ღონისძიებებსაც სთავაზობს, ძირითადად ვორქშოპების სახით.
მუზეუმი დაარსდა 1887 წელს, ხოლო მისი შენობის არქიტექტორია ალექსანდრე შიმკევიჩი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა.
მუზეუმის ექსპოზიცია პრაქტიკულად ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს, ექსპონატების დიდი ნაწილი XIXს. განეკუთვნება, წარმოშობით კი 61 ქვეყნიდანაა. მუზეუმში დაცულია შემდეგი კოლექციები: თუთის ხე და მისი პროდუქტები, აბრეშუმის ჭიის ბიოლოგია, აბრეშუმის პარკი, პეპლები, აბრეშუმის ძაფი, ქსოვილი, აბრეშუმისგან დამზადებული მრავალგვარი ნაწარმი, საღებავები, შრომის იარაღები და დაზგები, მოდელები და თვალსაჩინოება, ფოტოარქივი.