საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონში "მაუწყებლობის შესახებ" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის ხედვას აქვეყნებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომისიიდან აცნობეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი განიხილა და კომისიის პოზიცია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წერილობით უკვე გაეგზავნა.
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის ხედვას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"კანონპროექტით შემოთავაზებულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 401-ე მუხლის დამატება, რომელიც ეხება ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტს. მაუწყებლობის ტრანზიტი (საკაბელო ოპერატორი) "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებად საქმიანობაა და მისი, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების რეგულირება "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლის მიზანია მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი (საკაბელო ოპერატორები) ავტორიზებული პირისთვის "სავალდებულო ტრანზიტთან" დაკავშირებული ვალდებულებების დაკისრება, კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული დამატებები განხორციელდეს არა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში, არამედ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების უფლება-მოვალეობებს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის მიერ შესაბამისი რეაგირების განხორციელების ფორმებს. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ნორმა დაემატება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონს, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლში (სანქციები) უნდა ჩაემატოს კომისიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიმართ ამავე კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების უფლებამოსილება.
გარდა ამისა, მე-401 მუხლის სათაურია "ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი"; ავტორიზებული პირის ცნებას იცნობს არამხოლოდ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონი, არამედ, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონიც, კერძოდ ავტორიზებულ პირებს წარმოადგენენ მაუწყებლები, რომლებიც ახორციელებენ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მაუწყებლობას, მაგალითად, საკაბელო ქსელის ან ინტერნეტის მეშვეობით (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა), აქედან გამომდინარე, უნდა დაკონკრეტდეს რომელ ავტორიზებულ პირზე ვრცელდება აღნიშნული ვალდებულებები და უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი (საკაბელო ოპერატორი) და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირები (მაუწყებელი), რათა ამ ბუნდოვანებამ შემდგომი რეგულაციის დროს არ გამოიწვიოს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები.
შეგახსენებთ, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 45-ე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიო არხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, ხოლო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორიზებული მაუწყებელი არის პირი, რომელიც ავტორიზაციის საფუძველზე ახორციელებს მაუწყებლობას (გარდა საეთერო და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) კერძოდ, თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით, საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის;
კომისიის აზრით, სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით შემოთავაზებული დამატებები შეთანხმებული უნდა იყოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან, რადგან დღეს კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს დაახლოებით 30-მდე მაუწყებელი, შესაბამისად, სავალდებულო ტრანზიტის ამოქმედების შედეგად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო ოპერატორებს) წარმოეშვებათ თითოეული საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სატრანზიტო პაკეტში განთავსების ვალდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, სიხშირეების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის, ან სპილენძის წყვილების) გამოყენებით, მიზანშეწონილია წინასწარ იქნას გარკვეული რამდენად შეძლებენ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები, სამომავლოდ კანონის მიერ დადგენილი ამ ვალდებულების შესრულებას. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნულმა რეგულაციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ისეთ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, როგორიცაა მაგალითად შპს "სუპერ ტვ", ასევე იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებიც რეგიონებში, კაბელის გამოყენებით ახორციელებენ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას.
კანონპროექტით შემოთავაზებულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედ 70-ე მუხლში მე-21 პუნქტის და ამავე მუხლის მე-3 პუნქტში 31 და 32 პუნქტების დამატება, რომლებსაც კანონში შემოაქვთ მაუწყებლობის ლიცენზიის ახალი სახე - ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზია. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიების სახეებს, მაუწყებლობის სფეროში ადგენს 2 სახის ლიცენზიას - კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიას, ისევე როგორც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლი (მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები) ითვალისწინებს ლიცენზიის ორ სახეს: კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიებს. დღეს მოქმედი კანონი არ იცნობს ცალკე ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზიის ცნებას, მაგრამ ამავე დროს, განსაზღვრავს რა იგულისხმება ეროვნულ მაუწყებლობაში, კერძოდ, კანონოს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლით) პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მაუწყებლობა არის ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
თუ კანონში შესატანი ცვლილების მიზანია, რომ ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს დაკისრებული სპეციფიკური, სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებული, ვალდებულებები, რაც შემოთავაზებულია კანონპროექტის 41-ე პუნქტით, მაშინ საჭიროა კანონპროექტით განისაზღვროს კომისიის ვალდებულება, უზრუნველყოს მოქმედი მაუწყებლებისთვის ეროვნული მაუწყებლის სტატუსის მინიჭება და იმ ვალდებულებების დაკისრება, რასაც ითვალისწინებს შემოთავაზებული კანონპროექტის 41-ე პუნქტი.
შემოთავაზებული რედაქციით ცვლილებაა გათვალისწინებული 70-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციაც განსაზღვრავს მაუწყებლის ანგარიშვალდებულებას კომისიის წინაშე. მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. შემოთავაზებული ცვლილების რედაქციაში კი ვკითხულობთ, რომ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და ინტერნეტის მეშვეობით თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების და დაფინანსების წყაროების შესახებ.
შემოთავაზებული ცვლილებებით გამოდის, რომ ყოველწლიურად, 1 მაისამდე კომისიისთვის და ასევე საზოგადოებისთვის ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ექნება მხოლოდ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს, რაც შეეხება ავტორიზებულ მაუწყებლებს, ისინი ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიები გაიცემა მხოლოდ საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობაზე და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით მაუწყებლობაზე; რაც შეეხება, მაუწყებლობის განხორციელებას სხვა ტექნოლოგიით (მაგალითად: კაბელით ან ინტერნეტით) კანონი სამაუწყებლო საქმიანობის დასაწყებად ითვალისწინებს ავტორიზაციის გამარტივებულ რეჟიმს და "მაუწყებლის" ცნებაში იგულისხმება როგორც ლიცენზიის მფლობელი მაუწყებელი, ასევე ავტორიზებული მაუწყებელი.
რეგულირების თვალსაზრისით კანონი განსხვავებულად არეგულირებს მხოლოდ სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურებს (ლიცენზირება, ავტორიზაცია), მაგრამ მას შემდეგ, რაც პირი მოიპოვებს ლიცენზიას ან გაივლის ავტორიზაციას და გახდება მაუწყებელი, მის მიმართ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს რეგულირების ერთიან რეჟიმს. შემოთავაზებული რედაქციით კი ავტორიზებული მაუწყებლები სრულად თავისუფლდებიან კომისიასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისგან და ეს ვალდებულება რჩება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ მაუწყებლებს, რაც მიგვაჩნია, რომ არათანაბარ პირობებში აყენებს მაუწყებლებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებენ ერთი და იგივე საქმიანობას - მაუწყებლობას.
კანონპროექტით შემოთავაზებულია ცვლილებები 71-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში; შემოთავაზებული ცვლილებების ტექსტიდან ამოღებულია სიტყვა მაუწყებელი და ვხვდებით მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სანქციებს მაუწყებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევისთვის. ამ მუხლში სიტყვა "მაუწყებელი" მითითებულია სწორედ იმის გამო, რომ აღნიშნული ტერმინი (კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის "ტ" პუნქტიდან გამომდინარე) თავის თავში მოიცავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ლიცენზირებულ მაუწყებელს და ავტორიზებულ მაუწყებელს, რომელთა საქმიანობასაც არეგულირებს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი; შემოთავაზებული რედაქციით კი სანქცირების მუხლი გავრცელდება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე და ლიცენზიის მფლობელზე, ხოლო ავტორიზებული მაუწყებელი ამ რედაქციით კანონის მიღების შემთხვევაში, რეგულირების სფეროს მიღმა რჩება, ანუ მას შეუძლია დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა, ავტორიზაციის პირობები ან/და კომისიის გადაწყვეტილებები და კომისია მის მიმართ ვერ გამოიყენებს ვერანაირ სანქციას და შესაბამისად, ვერც პასუხს მოსთხოვს, რაც ისევ და ისევ მაუწყებლობის განხორციელების განსხვავებული ტექნოლოგიების გამო არათანაბარ და დისკრიმინაციულ პირობებში ჩააყენებს მაუწყებლებს.
კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კომისიამ უნდა დაადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები და სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებული ტექნიკური პარამეტრები.
რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად კომისიამ დეკლარაციის ფორმებისა და ტექნიკური პარამეტრების დადგენა უნდა განახორციელოს ნორმატიული აქტის საფუძველზე, დადგენილების მიღების გზით, კანონპროექტით გათვალისწინებული ერთთვიანი უნდა გაიზარდოს სამ თვემდე, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის ამავე კოდექსით დადგენილი პროცედურები ითვალისწინებს დადგენილების პროექტის გამოქვეყნებას, რაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო განხილვისთვის 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
ცვლილება-დამატებების შედის როგორც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში", აქედან გამომდინარე, კომისიის აზრით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორი საკითხი:
ა) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს და საერთო მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გადასცეს წინასაარჩევნო დებატები.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 55-ე მუხლი ადგენს, რომ
1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
მართალია კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საერთო მაუწყებლის ვალდებულებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამაუწყებლო ეთერში განათავსოს წინასაარჩევნო დებატები, მაგრამ არ განსაზღვრავს წინასაარჩევნო დებატების თემატიკას. გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია მაუწყებლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში, განხორციელდეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება ისე, რომ ამომრჩეველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო პროგრამაზე, კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე იყოს რეგულირებული მაუწყებლის ვალდებულება, წინასაარჩევნო დებატებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დებატების აუცილებელ თემად - თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პროგრამის განსაზღვრა.
ბ) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.
საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" რომელიც წარმოადგენს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონზე უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტს, ერთმანეთისგან მიჯნავს ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლების ვალდებულებებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით; კერძოდ, თუ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლებს, აგრეთვე სხვა მაუწყებლებს, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ეკისრებათ ვალდებულება მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულებას აკისრებს საერთო მაუწყებელს, აგრეთვე მაუწყებელს, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, მიუხედავად იმისა მათი მომსახურების ზონაში მიმდინარეობს თუ არა საარჩევნო კამპანია; თუმცა, ამავე მუხლის მე-14 პუნქტი აწესებს საგამონაკლისო ნორმას, რომლის შესაბამისადაც, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.
გასათვალისწინებელია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ეროვნულ და ადგილობრივ მაუწყებლობას, კერძოდ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის:
ა) მე-2 მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მაუწყებლობა განმარტებულია როგორც ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
ბ) მე-2 მუხლის თ) პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მაუწყებლობა განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
კომისიაში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, ბოლო 3 წელიწადში თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება მოიპოვა ადგილობრივი (რეგიონალური) სიხშირული მაუწყებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა. კერძოდ, ბოლო სამი წლის მანძილზე თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გაიცა ათზე მეტი ახალი ლიცენზია, მოდიფიცირდა მოქმედი ოცამდე ლიცენზია, ისე რომ მათ თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება მიენიჭათ. შესაბამისად, ის მაუწყებლები, რომლებიც ფლობენ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიებს, შეიძლება ჩაითვალონ ეროვნულ მაუწყებლებად, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თ) პუნქტის განმარტებიდან გამომდინარე. ასეთ ვითარებაში, შეიძლება მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ შუალედური არჩევნებისას ცალკეულ საარჩევნო ოლქებში არც ერთი ადგილობრივი მაუწყებელი არ აღმოჩნდეს, რომელსაც უფასოდ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება ექნება, რაც კომისიის აზრით ნამდვილად არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან.
კომისიის აზრით, შუალედური არჩევნების ამომრჩეველთათვის ხელმისაწვდომ ფორმატში გაშუქების საჭიროებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 51-ე მუხლის მე-14 პუნქტში იმგვარად, რომ შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება გავრცელდეს მხოლოდ იმ მაუწყებლებზე, რომელთა მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონაშიც მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.
კომისია მზადყოფნას აცხადებს ზემოთ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიაში მონაწილეობისთვის"-ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.