აბანოთუბანში "ხოხობი და მიმინოს" მონუმენტს ხელახლა დადგამენ. მონუმენტის დამზადებაზე ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით მონუმენტი ბრინჯაოში უნდა ჩამოისხას. სიმაღლე 1 მ, სიგანე კი 80X80 სმ უნდა იყოს. სატენდერო პირობები ასევე ითვალისწინებს მონუმენტის სპეციალური ქიმიური ხსნარით დაჟანგვას და მონტაჟს აბანოთუბანში, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას.
სატენდერო განცხადების მიხედვით, მომსახურების გაწევის პერიოდში ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა იყოს ავტორთან ნიკოლოზ შენგელაიასთან, რომელიც განახორციელებს საავტორო ზედამხედველობას. სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის საილუსტრაციო მასალა.
სატენდერო განცხადება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წინადადებების მიღება 20 ივნისს იწყება და 25 ივნისს დამთავრდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9.690 ლარია.
აბანოთუბანში "ხოხობი და მიმინოს" მონუმენტი გასული წლის ნოემბერში "გაუჩინარდა". მიმინოს ძეგლი სპეციალურად მოწყობილ ადგილზე იდგა, რომელსაც ბრჭყალებში ხოხობი ჰყავდა მომწყვდეული.