ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციებს ონლაინ რეჟიმში უწევს. მიმდინარე წლის განმავლობაში ნოტარიუსთა პალატის იურიდიულმა სამსახურმა ონლაინ რეჟიმში კონსულტაცია 1500-მდე მოქალაქეს გაუწია.
სერვისი, რომელიც 2010 წელს დაინერგა, განსაკუთრებით კომფორტულია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ აღარ უწევთ ტელეფონზე დარეკვა და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ კონსულტაციას ყოველგვარი ხარჯის გარეშე იღებენ.
მოქალაქეები კონსულტაციებს, ძირითადად, მემკვიდრეობის მიღებასთან, მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებით ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან საქართველოში მინდობილობა/რწმუნებულების გაცემა ონლაინშიც არის შესაძლებელი, რაც ასევე, მნიშვნელოვნად ამარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას.
საქართველოს ნოტარიატში ელექტრონული სერვისები 2009 წლიდან დაინერგა. ამან სანოტარო მომსახურება ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური გახადა. ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სანოტარო სერვისების დახვეწა-გამარტივებაზე.
ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია, ასევე, განცხადების, თანხმობის დამოწმება, გარიგების გაფორმება ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე), ვიზიტის დაგეგმვა ნოტარიუსთან.