საქართველოში მარიხუანას და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის, "ლირიკას" შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მარიხუანა - სადახლოს, ხოლო "ლირიკა" ვალეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში სომხეთის მოქალაქე ედგარ მ. შემოვიდა.
შემოსავლების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მგზავრისა და მისი ბარგის ერთობლივად შემოწმებისას, სიგარეტის კოლოფში სიგარეტთან ერთად ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული ნივთიერება, სავარაუდოდ მარიხუანა გამოვლინდა. ნივთიერება პოლიეთილენის პაკეტში მოთავსდა და დაილუქა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით მარნეულის რაიონული სამმართველოს სოფელ სადახლოს პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით კი საქართველოში თურქეთიდან მსუბუქი ავტომობილი SEAT შემოვიდა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე თევფიკ ო. მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მგზავრისა და ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ თევფიკ ო-ს მანქანის საბარგულში, პოლიეთილენის პარკში, სამედიცინო პრეპარატი, 10 აბი "ლირიკა" ჰქონდა მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს ახალციხის რაიონის საპატრულო პოლიციის განყოფილებას გადაეცა.