ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ არსებულ საქმეზე სამ ეპიზოდში თავს სრულიად უნადაშაულოდ ცნობს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ თავდაცვის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სამ ეპიზოდში თავს სრულიად უნადაშაულოდ ცნობს.

როგორც ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით, მას სისხლის სამართლის საქმის აღძღვრისას არაფერი ახსოვდა, თუმცა შემდგომ გაიხსენა ის ვითარება, რა ვითარებაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული.

"თავდაცვის მინისტრობის პერიოდში რეგიონებში ხშირად მიწევდა ჩასვლა. სენაკში ვიმყოფებოდი თათბირზე. ასე ხდებოდა წლების განმავლობაში. ყოველკვირეულად დავდიოდი სხვადასხვა რეგიონში. ერთ-ერთი ასეთი გასვლა იყო სწორედ სენაკში, ეს ხდებოდა რთულ პერიოდში, ომის შემდგომ, როდესაც ჯარის ფეხზე დაყენებით ვიყავით დაკავებულები, დაბალი რანგის სამხედროებსაც კი ვხვდებოდი. სენაკში თათბირი ტარდებოდა თავდაცვისუნარიანობის საკითხზე. თათბირის დასრულებისას ჩემთან მოვიდა გვარდიის სარდალი არსოშვილი. მან მითხრა, რომ გვარდიის ნაწილი ჰყავს გადმოყვანილი აღმოსავლეთიდან. არსოშვილმა მითხრა, რომ ვიღაცეები გვარდიაში ვალდებულებებს არ ასრულებდნენ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ პრობლემა იქმნებოდა, ეს ხელმძღვანელობისგან მოდიოდა. გამოვკითხე რამდენიმე ადამიანი, თუ რაში იყო საქმე, ვიღაცამ თქვა, რომ რაღაც ტკიოდა და დაასახელეს მსგავსი უმნიშვნელო მიზეზები. არსოშვილმა მათ ჩემი თანდასწრებით ჰკითხა, აქ ხომ არ ივარჯიშებდითო?, ყველამ თანხმობა განაცხადა. პრობლემა იმ დროს და ახლაც მიმაჩნია, რომ ყოველთვის მოდიოდა ხელმძღვანელის არასწორი მიდგომით. დასრულდა ჩვენი თათბირი, ჩავედი ეზოში და გავდიოდი ბაზის დასათვალიერებლად, ეზოში კიდევ არსოშვილი და ვიღაცები იდგნენ. არსოშვილი ჩემთან მოვიდა და მითხრა, სამხედროები ახლა ვარჯიშობენო. საღამო იყო, ვურჩიე, დაასვენე-მეთქი. წავედით სენაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვიან დავბრუნდით, შემდეგ ჩამოვედი თბილისში და რამდენიმე დღეში მე არსოშვილს კიდევ ერთხელ ვუსაყვედურე, თუ პრობლემები იყო, თავს რატომ ვერ ართმევდა ურთიერთობების დალაგებას. სამინისტროს ჰქონდა განსაზღვრული პრიორიტეტები და სამწუხაროდ ყველაზე ბოლო ადგილას იყო გვარდიის დეპარტამენტი. მის მიმართ ნაკლებად იყო ყურადღება მიმართული", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

რაც შეეხება ვაზიანის ეპიზოდს, ბაჩო ახალაია აღნიშნულ ეპიზოდშიც თავს უდანაშაულოდ სცნობს. მან ამ ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაზეც ისაუბრა დღევანდელ ჩვენებაში და აღნიშნა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის კომპლექსური შემოწმება ხდებოდა, რაც ასევე ომის შედეგებით იყო განპირობებული. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი 180 კაცისგან შედგებოდა. ახალაია ამბობს, რომ თავდაცვის სამინტრომ გადაწყვიტა 180 კაცს ჩატარებოდა კომპლექსური შემოწმება, რამაც მისი თქმით, არასასიამოვნო შედეგი აჩვენა.

"გვქონდა გადაწყვეტილება მისაღები, შემოწმების შედეგად დიდმა ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა დაწესებული სტანდარტები. დავიწყეთ მათთან გასაუბრება. ამას ესწრებოდნენ ჩემი მოადგილეები, ესწრებოდა ასევე გიგი კალანდაძე და სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობა. მე მსურდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ ის, ვინც ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, დათხოვნილი ყოფილიყო შეიარაღებული ძალებიდან, თუმცა გიგი კალანდაძის წინადადება იყო, რომ აღნიშნული პირები გადაგვენაწილებინა ქვეით ბრიგადებში და შანსი კიდევ ერთხელ მიგვეცა მათთვის. კალანდაძის ამ წინადადებას სხვებმაც დაუჭირეს მხარი და რამდენიმე ათეული ადამიანი სპეცდანიშნულების რაზმიდან სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდა. სამხედროები ამის შემდეგ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, რომ სპეცრაზმი სხვა დონეა და ისინი უფრო დაბალ დონეზე იქნენ გადანაწილებული, ასევე მათ შედარებით დაბალი ხელფასი დაენიშნათ. უკმაყოფილო ადამიანები დავიბარე და ავუხსენი, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მდგომარეობას და კალანდაძის დამსახურება იყო, რომ არ დარჩნენ უმუშევრები. ასევე, განვუმარტე რომ თუკი გახდებოდნენ ისეთები, როგორც სპეცრაზმში დარჩენილები იყვნენ, მათ ჰქონდათ შანსი დაბრუნებოდნენ რაზმს. სწორედ ეს იყო მათი დაქვეითების მიზეზი, სხვა რაიმე ინტერესს აბსოლუტურად გამოვრიცხავ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ამასთან, მისი თქმით, ზუსტად ასეთივე შინაარსის შეხვედრა სხვა ბრიგადებშიც ჰქონდა და იგივე განემარტათ სხვა ბრიგადის წარმომადგენლებსაც. ბაჩო ახალაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც სენაკის და არც ვაზიანის ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებაში იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ ადასტურებს ბრალდებას, რომ მან რომელიმე სამხედრო პირს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ახალაიას თქმით, მას თავდაცვის სამინისტროში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან და არავისთვის შეურაცხყოფა, მით უმეტეს ფიზიკური, არასდროს მიუყენებია.

რაც შეეხება ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდს, ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, რომ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრძანება მას არ მიუცია. მან გაიხსენა რესტორან "მასპინძელოში" ზვიად აბესაძესთან შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქმის მასალების მიხედვით აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთეს.

"ჩემთვის ჩვეულებრივი რეჟიმი იყო ვახშამზე ნებისმიერ დროს მისვლა. ვიცოდი, რომ "მასპინძელოში" გვიანობამდე მუშაობდნენ და სწორედ იქ გავედით ვახშამზე. ადგილზე იმყოფებოდა დავით ჭაკუაც და გიგი კალანდაძეც. ცოტა ხანში მოვიდა ჩვენი თანამშრომელი გრიგოლ ბაკურაძე რომელმაც მოიყვანა ზვიად აბესაძე. ამან უხერხულობა გამოიწვია. ჭაკუამ თქვა, რომ აქ არ უნდა მოსულიყო, შეცდომა მომივიდაო. ჩემთვის ზვიად აბესაძის რესტორანში მოსვლა გაუგონარი იყო, რისი მიზეზებიც მქონდა. მისი მოსვლიდან რამდენიმე წუთში გიგი კალანდაძესთან ერთად წავედი სამინისტროში. ჭაკუამ რამდენიმე დღის შემდეგაც შემომითვალა ბოდიში, რომ ზვიად აბესაძე ამ რესტორანში არ უნდა მისულიყო", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და მისი და ზვიად აბესაძის ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც აღნიშნა, ზვიად აბესაძე წლების წინ გაიცნო, როდესაც მაღალ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა.

"ეს ნაცნობობა მაკავშირებდა, შემდეგ კი ხშირად მომდიოდა ხმები ზვიად აბესაძის ქმედებებთან დაკავშირებით და შევწყვიტე მასთან კონტაქტი. რაც შეეხება ნათესაურ კავშირს, ახლად გაცნობილი მყავდა, როდესაც მოვიდა და მთხოვა ბავშვი მომინათლეო. უარი, როგორც წესი არ მითქვამს, რადგან ამ თემაზე უარს არასოდეს ვიძახი. მის შვილს 16 ნათლია ჰყავდა, როგორც მახსოვს, არც ნათლობის სუფრაზე და არც ეკლესიაში ვყოფილვარ, ეს იყო ფორმალური ხასიათის. ამის შემდეგ კი გავიგე, რომ ზვიად აბესაძე დათა ახალაიას კუდ-ის ხელმძღვანელად მუშაობისას ეწეოდა აგენტის საქმიანობას, ასევე, უზნეო საქმით იყო დაკავებული. შესაბამისად, არ მქონდა მასთან ურთიერთობის სურვილი. აბესაძე ჩემს სახელს ხშირად იყენებდა, მას აქვს ცუდი მორალური საქმე, კერძოდ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან საქმიანობს და არ მსურდა ჩემთან რამე კავშირი ჰქონოდა და ჩემი სახელი მის საქმეში გამოეყენებინა", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრძანება არ მიუცია და მისთვის არის უცნობი, რა მოხდა, როგორ განვითარდა მოვლენები მისი რესტორნიდან წასვლის შემდეგ.

ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული პირველი ბრალდებულია. მასთან ერთად კიდევ 7 ბრალდებული არსებობს, რომელთა დაკითხვაც 9 ივლისს, 13:30 საათზე გაგრძელდება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა